მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილის ადვოკატი: ციხის საავადმყოფოში გადაყვანა შეუძლებელია, ამ ვარიანტს არ განიხილავს

unian.net

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემთხვევაში სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა შეუძლებელია და ამ ვარიანტს ექსპრეზიდენტი არ განიხილავს. 

"მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის უკანონობა, ამის შემდეგ, არის მიცემული პირობის გატეხვა, იმიტომ, რომ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი კომისიის ფარგლებში პირველი დღიდან აცხადებდნენ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტს გადაიყვანდნენ ექიმების მიერ შესრჩეულ კლინიკაში. ახლა ის, რომ რომელიღაც პერსონალურ მმართველში, რომელიღაც ხელის ბიჭში პერსონალურმა ბოღმამ გაიღვიძა და გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანოს ციხესთან არსებულ საავადმყოფოში, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ასე იქნება.  

მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა რომელირაც ციხის საავადმყოფოში არის უბრალოდ შეუძლებელი და ამაზე ამ ვარიანტს ბატონი პრეზიდენტი საერთოდ არ განიხილავს. მისი ამმოძრავებელი ძალა ამ ეტაპზე არის ის განცდა, რომელიც ხალხის მიმართ გააჩნია". - ამბობს სააკაშვილის ადვოკატი.  

20 ოქტომბერს, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იგეგმება. 

"სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულება ფუნქციონირებს, არ არის გაუქმებული და რაც შეეხება მოშიმშილე პაციენტის მართვას, აღნიშნულ დაწესებულებას ასეთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა შეუძლია“. –  თქვა იუსტიციის მინისტრმა რუსთავი 2-ის ეთერში. 

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით კი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა არ განიხილება. მან აღნიშნა, რომ ციხის საავადმყოფო ერთადერთი დაწესებულებაა, სადაც საჭირების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს მოათავსებენ. 

19 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შექმნილი ექიმთა ჯგუფის შეხვედრის შემდეგ ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ იუსტიციის სამინისტროში შეხვედრაზე სააკაშვილის "პრევენციულ ჰოსპიტალიზაციაზე" შეთანხმდნენ. თუმცა, მისივე სიტყვებით, ჯერ ექსპრეზიდენტის თანხმობაა საჭირო. მოგვიანებით, ყიფშიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციაზე თანახმაა, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 22-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები