მიხეილ სააკაშვილის დაკავება

პრემიერი: ციხის კლინიკის გარდა, სააკაშვილის სხვაგან გადაყვანა არ განიხილება, გამორიცხულია

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა არ განიხილება. მან აღნიშნა, რომ ციხის საავადმყოფო ერთადერთი დაწესებულებაა, სადაც საჭირების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს მოათავსებენ.

"როგორც მოვისმინეთ ჩვენი იუსტიციის მინისტრისგან, სხვა დაწესებულება არ განიხილება, ეს არის გამორიცხული" - ამბობს პრემიერი.

19 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შექმნილი ექიმთა ჯგუფის შეხვედრის შემდეგ ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ იუსტიციის სამინისტროში შეხვედრაზე სააკაშვილის "პრევენციულ ჰოსპიტალიზაციაზე" შეთანხმდნენ. თუმცა, მისივე სიტყვებით, ჯერ ექსპრეზიდენტის თანხმობაა საჭირო. მოგვიანებით, ტიფშიძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციაზე თანახმაა, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

20 ოქტომბერს, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ექსპრეზიდენტ  მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იგეგმება. 

"სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულება ფუნქციონირებს, არ არის გაუქმებული და რაც შეეხება მოშიმშილე პაციენტის მართვას, აღნიშნულ დაწესებულებას ასეთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა შეუძლია“. –  თქვა იუსტიციის მინისტრმა რუსთავი 2-ის ეთერში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 20-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები