2021 წელს გარდაცვლილები

92 წლის ასაკში ნიდერლანდელი დირიჟორი ბერნარდ ჰაიტინგი გარდაიცვალა

Warner Classics

92 წლის ასაკში ნიდერლანდელი დირიჟორი და მევიოლინე ბერნარდ ჰაიტინგი გარდაიცვალა.

ჰაიტინგი ამსტერდამის კონსერვატორიაში მევიოლინეს ფაკულტეტზე სწავლობდა. 1954-1955 წლებში იყო ცნობილი დირიჟორის ფერდინანდ ლაიტნერის მოსწავლე. 1955 წელს გახდა ნიდერლანდური რადიოს მეორე დირიჟორი, მოგვიანებით იქვე დაიკავა მთავარი დირიჟორის პოზიცია. 1961-1988 წლებში იყო ნიდერლანდების სამეფო ორკესტრის, კონსერტგებაუს დირიჟორი, პარალელურად 1967-1979 წლებში ხელმძღვანელობდა ლონდონის სიმფონიურ ორკესტრს. 1987 წლიდან 2002 წლამდე მუშაობდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ლონდონურ თეატრში, კოვენტ-გარდენში. 2006-2010 წლებში იყო ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი.

1977 წელს ინგლისის დედოფალმა მიანიჭა რაინდის ტიტული. მოგვიანებით მიიღო ბრიტანეთის იმპერიის საპატიო და ღირსების კავალერის ორდენები. 2004 წელს მიიღო გრემი საუკეთესო საოპერო ჩანაწერისთვის. 2007 წელს პროფესიონალი მუსიკოსების ასოციაციამ Musical America დაასახელა წლის მუსიკოსად. 

კომენტარები