მიხეილ სააკაშვილის დაკავება

დამენია: სააკაშვილი პოლიტპატიმარია, თავისუფალი სამყაროს რეაქცია იქნება მკაცრი

ევროპული საქართველო

"მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და თავისუფალი სამყაროს რეაქცია იქნება მკაცრი". -  ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს წევრი, ლაშა დამენია ევროპარლამენტარების განცხადებას

მისი შეფასებით, სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვე, მისივე თქმით, ნათელია ევროკავშირის გამოხმაურება, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს. 

"იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ეგრედწოდებული პრემიერმინისტრი პირდაპირ ამბობს, რომ თუ უნდა დაუმძიმებს მუხლებს, თუ უნდა შეცვლის სამართლებრივ დევნას, თუ უნდა არა, ეს იმის განმაპირობებელია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს არის პოლიტპატიმარი და ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვე. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ნათელი იყო გამოხმაურება ევროპარლამენტარებისა იმის შესახებ, რომ საქართველოში არ არსებობს მართლმსაჯულება და უნდა იქნას განთავისუფლებული მიხეილ სააკაშვილი, რომლის ფაქტობრივად სამართლებრივი ნაწილი უნდა გადაწყდეს სტრასბურგის სასამართლოში.

ქართული ოცნება ჩვეულ კომენტარს აკეთებს ევროპარლამენტარების განცხადებაზე, მაგის განმაპირობებელია ის, რომ დაკვეთას მხოლოდ პუტინისგან იღებენ და საქართველოს კვლავ რუსული ორბიტისკენ მიათრევენ. სწორედ აქედან არის გამოწვეული, რომ ისინი თავისუფალი სამყაროს მოსაზრებებს არც კი ითვალისწინებენ და ჰყავთ პოლიტპატიმრები საქართველოს მესამე პრეზიდენტის სახით, რაც საკმაოდ დამაზიანებელი იქნება, როგორც ხელისუფლებისთვის, სამწუხაროდ მთლიანად ქვეყნისთვისაც". - ამბობს დამენია. 

ევროპარლამენტარები: ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენე, რიჰო ტერასი, მირიამ ლექსმანი და სანდრა კალნიეტე საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ წერილს ავრცელებენ და აცხადებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს. 


სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს. 7 ოქტომბერს რუსთავის ციხეში პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი იმყოფებოდა - სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მანაც მოუწოდა, თუმცა ექსპრეზიდენტი შიმშილობის შეწყვეტაზე უარს ამბობს. როგორც ის წერს, "შიმშილობა არის ჩემი ბრძოლის ერთადერთი ფორმა, რომელიც დამიტოვა ამ რეჟიმმა. ბრძოლა ახლა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჩემი თავი და ჩემი ჯანმრთელობა". ადვოკატის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის შეცვლილი - "ავადმყოფური ფერი აქვს, მოტორიკა შენელებულია, უჭირს გადაადგილება". სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

 

კომენტარები