არჩევნები 2021

კახა კალაძე: ჩემი გაკეთებული საქმეები მიმაგრებს ზურგს

დარწმუნებული ვარ, საზოგადოება კარგად ხედავს არსებულ ვითარებას, იმ გაკეთებულ საქმეებსაც, რაც მოვახერხეთ ოთხი წლის განმავლობაში. უფრო მეტის გაკეთებაც შეგვეძლო, რომ არა პანდემია. არჩევანი არის ძალიან მარტივია. ერთ მხარეს ვხედავთ ბოროტებას, ვხედავთ მოძალადეებს, სიძულვილის ენას, რომელიც მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში თავიანთი ვიდეოკლიპებით, თავიანთი სატელევიზიო გადაცემებით, ნახეთ უბრალოდ, რა ლექსიკით საუბრობენ, როგორი შეურაცხყოფით. ყველაფერს უპირისპირდებიან, ჩვენს ეკლესიას, სარწმუნოებას, კულტურას, ყველაფერ ძვირფასს, რაც კი გაგვაჩნია. ამის უფლებას არავის მივცემთ. არასდროს და ვერასდროს ვერ დაბრუნება მოძალადე რეჟიმი ქვეყნის მმართველობაში. პირადად მე მზად ვარ, სიცოცხლის ფასადაც კი ეს არ დავუშვა.

ძალიან კარგად მაქვს გააზრებული და გათავისებული, რასაც ვამბობ. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს სიძულვილი, უნდა დასრულდეს ადამიანების დაყოფა პოლიტიკური ნიშნით, უნდა დასრულდეს ბოროტება, შეურაცხყოფები და ჩვენ ამას გავაკეთებთ ყველანი ერთად. სხვანაირად შეუძლებელია, რადგან დღეს ამ ქალაქს და ამ ქვეყანას რაც ყველაზე მეტად ჭირდება, არის მშვიდობა, განვითარება და აღმშენებლობა. სხვანაირად შეუძლებელია, მეგობრებო. შეუძლებელია რაიმე წარმატებაზე ფიქრი, კულტურის მიმართულებით რაიმე პროექტის განხორციელებაზე ფიქრი, თუ ქვეყანაში იქნა არეულობა, დაპირისპირება და ქაოსი. ამიტომ, თითოეული თქვენგანის როლი ამ არჩევნებში არის მნიშვნელოვანი. ჩემი გაკეთებული საქმეები მიმაგრებს ზურგს, რომ თბილისელებს ვთხოვო მხარდაჭერა. ქალაქს დღეს ჭირდება ეს განვითარება და აღმშენებლობა.

დედაქალაქის მოქმედი მერი და ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

კომენტარები