თბილისის მერია

აქციის გამო რუსთაველის გამზირი გადაიკეტა – ალტერნატიული მარშრუტები

თბილისის მერიის ინფორმაციით, 14 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

მერიის ცნობით, კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გავლით.

მელიქიშვილის ქუჩიდან, მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელია ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.

მთაწმინდის რაიონიდან მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება  გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით.

მეტროსადგურ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რესპუბლიკის მოედანთან მობრუნების შემდეგ შეძლებენ გადაადგილებას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ პერიოდში გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ავტობუსები N6, N14, N31, N33, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N150 და N301, ასევე,  მიკროავტობუსები N2, N31, N41, N72, N120, N133, N137, N145, N170 მელიქიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან რუსთაველის გამზირზე ზეთის ხილის ხემდე. შემდეგ, მობრუნებით განაგრძობენ სვლას ჯავახიშვილის ქუჩაზე,  მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას და იხელმძღვანელებენ არსებული სქემით.

ავტობუსები N31, N37, N46, N301, N345, რომლებიც გორგასლის ქუჩიდან და ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის გავლით გადაადგილდებოდნენ რუსთველის გამზირზე, ბარათაშვილის ხიდიდან სვლას გააგრძელებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და  ჯავახიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან მეტროსადგურ „რუსთაველს“, შემდგომ კი  იხელმძღვანელებენ დადგენილი სქემით.

მიკროავტობუსები N2, N31, N72, N120, N133, N137, N170 ბარათაშვილის ხიდის გავლით, გადაინაცვლებენ ბარათაშვილის ქუჩაზე და შემდეგ თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ბროსესა და  ჯავახიშვილის ქუჩებით გადაადგილდებიან მეტროსადგურ „რუსთაველისკენ“. შემდგომ, მოძრაობას განაგრძობენ დადგენილი სქემით.

ავტობუსების N50, N71, N344 და მიკროავტობუსები N140, N149, N176 მარშრუტები, გორგასლის ქუჩიდან იმოძრავებენ მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნის, მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით.

ავტობუსები N2, N20, N25, N39, N43, N59, N80 დაასრულებენ მგზავრთა მომსახურებას ბარათაშვილის ქუჩაზე პუშკინის ქუჩის მიმდებარედ მობრუნებით.

ავტობუსები N4,  N10, N90, N103, N106, N112, რომლებიც თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან მოძრაობენ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, მოძრაობას დაასრულებენ ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ). ასევე, მარშრუტი N383, რომელიც  ჭონქაძის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, მოძრაობას დაასრულებს ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ). ავტობუსი N124 ამაღლების ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, მერაბ კოსტავას, ჭოველიძის, ბელინსკის, ბარნოვისა და ჭონქაძის ქუჩების გავლით. შემდგომ, სვლას განაგრძობს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით, ბარნოვის ქუჩიდან იმოძრავებს შანიძის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩების გავლით, მეტროსადგურ რუსთაველამდე.


დღეს, 14 ოქტომბრეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისში, თავისუფლების მოედანზე, 18:00 საათზე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართავს. აქციას მხარდამჭერები ზუგდიდიდანაც უერთდებიან.  

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. ადვოკატების ინფორმაციით, ის დაკავების დღიდან შიმშილობს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა "კანონმდებლობის, ადამიანის საერთაშორისო უფლებების და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად". საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით კი "სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა ქართული სასამართლო სისტემისთვის" და პროცესს დააკვირდებიან. შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი წერს, რომ პოლიტიკური სასამართლო ევროპაში მიუღებელია და სააკაშვილის მიმართ ნებისმიერი ბრალდება სამართლიან სასამართლოზე უნდა იყოს განხილული.  

ლიტველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. ევროპარლამენტარი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომ სააკაშვილს სხვა მუხლებსაც დაუმატებენ, თუ "წესიერად არ მოიქცევა".  ქართულ ოცნებას ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარი პეტრას აუშტრევიჩიუსიც - მისი შეფასებით, სააკაშვილის დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზებას კიდევ უფრო ზრდის.  

ევროპარლამენტარის, იაცეკ სარიუშ-ვოლსკის თქმით, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, ანდრიუს კუბილიუსის შეფასებით კი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება სააკაშვილისთვის მუხლების დამატებაზე ცხადყოფს, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკური მოტივებით ხდება და, მისივე სიტყვებით, პოლიტიკურ სამართალს ის ქვეყნები იყენებენ, რომლებსაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავთ.  

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი ამბობს, რომ სააკაშვილის საქმის გამო საქართველოს კარგი იმიჯი არ შეექმნება და, მისივე შეფასებით, სიტუაცია "გულდასაწყვეტია". კრამერს სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულად ეჩვენება და ამბობს, რომ მას უკრაინაში დაბრუნების უფლება უნდა მისცენ.

სააკაშვილის დაკავების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ - "როგორც პრეზიდენტი, ვმუშაობ მოქალაქეების დაბრუნებაზე, ეს სააკაშვილსაც ეხება". უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება კი ამბობს, რომ შესაძლოა, სააკაშვილზე მათი გადაწყვეტილება მხოლოდ ექსტრადაცია არ იყოს.

კომენტარები