არჩევნები 2021

SJC: უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში უბნებთან სუს-ის და პოლიციის ყოფნა საგრძნობი იყო

არჩევნები
ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით შეფასება გამოაქვეყნა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პარტიების პროგრამები არ იყო ორიენტირებული მოსახლეობის საჭიროებებზე. მათივე შეფასებით, არჩევნების დღეს ამ რეგიონებში საარჩევნო უბნებთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პოლიციის გაძლიერებული მობილიზება მკვეთრად საგრძნობი იყო.

"არჩევნების დღეს სუს-ის და პოლიციის ძალაუფლება და ყოფნა თითქმის ყოველ საარჩევნო უბანთან მკვეთრად იგრძნობოდა. ამასთანავე, უსაფრთხოების სამსახურების განსაკურებული მობილიზაცია დმანისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში იგრძნობოდა. დმანისში სავარაუდოდ სუს-ის მანქანები (დაბურული მინებიანი) მთელი დღის განმავლობაში გაუჩერებლივ მოძრაობდნენ ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებსა და საარჩევნო უბნებს შორის, რომელიც უჩვეულოა ამ სოფლების ყოველდღიური ყოფისთვის". – ნათქვამია შეფასებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, ამ რეგიონებში არსებული ხიდჩატეხილობა პოლიტიკურ ელიტასა და მოსახლეობას შორის და კლანური მმართველობა ეთნიკურ ჯგუფებში ზრდის პოლიტიკური პროცესების მიმართ ნიჰილიზმს.

უშუალოდ არჩევნების დღეს სოციალური სამართლიანობის ცენტრის დაკვირვებით შემდეგი პრობლემები გამოიკვეთა:

  • მარნეულში გამოვლინდა ძალადობის შემთხვევა;
  • საარჩევნო უბანში მიმდინარე პროცესები უმთავრესად არა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ, არამედ არაადგილობრივი დამკვირვებლის ან კომისიის წევრის მიერ იმართებოდა;
  • იყო შემთხვევები, როცა კომისიის წევრები უბანზე მოსულ ამომრჩეველს პირდაპირ მიანიშნებდნენ კონკრეტული პარტიის მხარდაჭერაზე;
  • თითქმის ყველა უბანში, საარჩევნო უბნის გარეთ სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერები გავლენას ახდენდნენ ამომრჩევლის ნებაზე;
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასება სრულად, ხელმისაწვდომია კომენტარების ველში მითითებულ ბმულზე.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები