არჩევნები 2021

ბოკერია ALMA-ზე: ცენზურის დაწესების ხელშეწყობა და რეპუტაციული ზიანის შემცირების მცდელობაა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია სარეკლამო კომპანია ალმას მიერ სიძულვილის ენის შემცველი რეკლამის განთავსების აკრძალვის ინიციატივას ეხმაურება. ბოკერიას შეფასებით, ალმას ნაბიჯი ცენზურის დაწესების მცდელობის ხელშეწყობა და რეპუტაციული ზიანის შემცირების მცდელობაა. 

"ივანიშვილის რეჟიმის ან მასთან დაახლოებული პირების მხრიდან ზოგადი ინიციატივები პირველად არ გვესმის, რომ შინაარსის რეგულირება დაიწყონ, საზოგადოების სიძულვილის ენისგან, რელიგიური გრძნობების ან ცრუს ინფორმაციისგან დაცვის მოტივით. ეს არის პირდაპირი გზა სიტყვის თავისუფლების ეფექტურად შეზღუდვისთვის, ვითომ კეთილშობილური მოტივით. არის საფუძვლიანი ეჭვიც, რომ ეს ინიციატივაც ამ მიზნისთვის იქნას გამოყენებული და ეს არის პირდაპირი საფრთხე ჩვენი პოლიტიკური თავისუფლებისთვის, მედიის თავისუფლებისთვის, სპიკერების თავისუფლებისთვის, არა მარტო პოლიტიკოსებისთვის, ნებისმიერი აქტიური ადამიანისთვის. ჩვენნაირ ქვეყანაში განსაკუთრებით, შინაარსში შესვლა და ამაზე დისკუსია ნიშნავს, რომ ვისაც ძალაუფლება აქვს ის წყვეტს რა არის სიძულვილის ენა, რა არის ცრუ ინფორმაცია, სად გადის ზღვარი. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კანონმდებლობა სიტყვის თავისუფლების შესახებ და მისი ნებისმიერი ცვლილება იქნება დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი და საფრთხე ამ რეჟიმის პირობებში და ზოგადად". - ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე.

ბოკერიას თქმით, ალმას, რომელმაც პროსახელისუფლებო ბანერი განათავსა, ასევე უნდა განეთავსებინა ევროპული საქართველოს ბანერი, რომელიც, მისი შეფასებით, "უკეთესი ხარისხისა და გემოვნებისაა, არ არის იძულვილის მქადაგებელი, მაგრამ არის სატირა".

"მათ კონტრაქტზე ხელი მოაწერეს, თუმცა გავიდა რამდენიმე დღე და ჯერ გაკრული არ არის, კომპანია ალმა კონტრაქტის დარღვევის ზღვარზეა. შესაძლოა, ეს იყოს მათი მხრიდან პიარ-სვლა, რომ ეს ყველაფერი ჩამოირეცხონ. მათი პასუხისმგებლობა ის კი არ არის, რომ ვიცით ეს ქართულმა ოცნებამ გააკეთა, ეს რომ ქართულ ოცნებას გაეკეთებინა, ისინი უბრალოდ ინსტრუმენტები იქნებოდნენ იმ მოტივით, რომ ნებისმიერი დამკვეთის შეკვეთას ასრულებენ, მაგრამ როცა ირკვევა, რომ ჩვენ გვიჭიანურებენ რეკლამას, რომელიც არის კორექტული, მწვავე სატირა, ამავე დროს ხელს აფარებენ ქართულ ოცნებას და კანონმდებლობის დარღვევით არც მიუთითეს ვისი შემოტანილია ეს ბანერი, ვინ გადაიხადა ფული, ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო აღნუსხული და ასეთი კამპანია საარჩევნო პროპაგანდის ნაწილია". - ამბობს გიგა ბოკერია. 

ევროპული საქართველოს ბანერის გაკვრამდე 1 დღით ადრე სარეკლამო კომპანია ალმა პარლამენტს მიმართავს და სიძულვილის ენის შემცველი რეკლამის განთავსების აკრძალვას ითხოვს. შეთანხმების მიხედვით, კომპანიას ევროპული საქართველოს ბანერის გაკვრის ვადა ხვალ, 8 ოქტომბერს ეწურება. 

მას შემდეგ, რაც ალმამ ოპოზიციის წევრებისა და კრიტიკული მედიის მენეჯერების გამოსახულებით "სისხლიანი" ბანერები გამოაკრა, ევროპულმა საქართველომ კომპანიას მიმართა, "იმავე სტანდარტით" ნებისმიერ ცენტრალურ მაგისტრალზე მათი ბანერიც გაეკრათ.  

თუმცა, ვადის ამოწურვამდე 1 დღით ადრე ალმა განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ "სისხლიან ბანერებს" საზოგადოების მხრიდან "სამართლიანი და ობიექტური ხასიათის" ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა, აგრესიის გამომხატველ ქმედებებს ემიჯნებიან და მათი როლი მხოლოდ დამკვეთებისგან სარეკლამო ბანერების მიღება და ბილბორდებზე განთავსებაა. განცხადების მიხედვითვე, პარლამენტის მიერ ცვლილებების შეტანამდე კომპანია უარს ეტყვის ნებისმიერ დამკვეთს სარეკლამო ბილბორდებზე "სიძულვილის ენის შემცველი და საზოგადოების პოლარიზაციისადმი მიმართული სარეკლამო კონტენტის" განთავსებაზე. 

როდის გააკრავს და გააკრავს თუ არა ევროპული საქართველოს ბანერს ალმა - კითხვით ტაბულამ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიმართა, სადაც ამბობენ, რომ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ აქვთ. 


17 სექტემბერს თბილისის ქუჩებში ახალი ბანერები გამოჩნდა, წარწერით – "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს!" ბანერებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და კრიტიკული მედიების მენეჯერები არიან გამოსახული. ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის შემცირების ფონზე, ხელისუფლებამ სიძულვილის გამაღვივებელი, პოლიტიკური შინაარსის ბანერები აცრისკენ მოწოდების ბანერებს გადააკრა.

18 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა და დაგმო ვაქცინაციის მოწოდების ბანერების ჩანაცვლება.  20 სექტემბერს კი, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა კომპანია ალმას ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების დაბრუნების მოთხოვნით ოფიციალური წერილობით მიმართა. 

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა ძალადობის შემცველ ანონიმურად განთავსებულ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა. ორგანიზაცია ასევე გეგმავს, მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ბანერების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ცესკოს საჩივრით მიმართა პოლიტიკურმა მოძრაობამაც – დროა. 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჩივრები განიხილა და სიძულვილის ენის შემცველი "სისხლიანი" ბანერების განთავსება არ მიიჩნია სამართალდარღვევად, რადგან მათი დამკვეთი კერძო პირია. 

თბილისის მერი და ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე ამბობს, რომ მერიას რეაგირება არ ექნება, რადგან, "გამოხატვის უფლება ყველას აქვს". მისივე მტკიცებით, ბანერები არ მოსწონს და წინასაარჩევნო კამპანიის დროს სიძულვილის ენას არ იყენებს. 

კომენტარები