არჩევნები 2021

NCDC: ვგმობთ ვაქცინაციის მოწოდების ბანერების ჩანაცვლებას, არავითარი კავშირი არ გვაქვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გმობს ვაქცინაციის მოწოდების ბანერების სიძულვილის ენის შემცველი ბანერებით ჩანაცვლებას, რომელზეც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და კრიტიკული მედიის მენეჯერები არიან გამოსახული.

"ყველას კარგად მოეხსენება, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არის ზოგადად ვაქცინაციის და კერძოდ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ერთერთი მთავარი მხარდამჭერი და განმახორციელებელი ქვეყანაში; ცენტრი მუდმივად მასობრივი და სოციალური მედიის საშუალებებით მოუწოდებს მოსახლეობას, რომ კოვიდპანდემიის დასრულების მთავარი გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციაზე.

თუ ვაქცინაციის მოწოდების ბანერების სხვა შინაარსის ბანერებით ჩანაცვლება სიმართლეს შეესაბამება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გმობს ამ ფაქტს და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მას ამ პროცესთან არავითარი კავშირი არ აქვს". - ნათქვამია განცხადებაში.

 17 სექტემბერს თბილისის ქუჩებში ახალი ბანერები გამოჩნდა, წარწერით – "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს!" ბანერებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და კრიტიკული მედიების მენეჯერები არიან გამოსახული. ხელისუფლებამ ისინი ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერებს გადააკრა. 

მსგავსი შინაარსის ჰომოფობიური პლაკატები თბილისში ივლისშიც გამოაკრეს

კომენტარები