არჩევნები 2021

NCDC კომპანია ალმას ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების დაუყოვნებლივ აღდგენას სთხოვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს, 20 სექტემბერს, კომპანია ალმას ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების დაბრუნების მოთხოვნით ოფიციალური წერილობით მიმართეს.

"კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში, როდესაც ყოველდღიურად, სამწუხაროდ, ათასობით ადამიანი ავადდება და ათეულობით იღუპება და ამავდროულად ვაქცინაციის პროცესი კლებადია ბოლო დღეებში, საკმაოდ ნეგატიური შედეგი ექნება ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერის ნებისმიერი სხვა შინაარსის ბანერით ჩანაცვლებას". – წერია NCDC-ის მიერ გაგზავნილ წერილში.

წერილში ასევე განმარტებულია, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო პრაქტიკის მიხედვითაც, ბანერების განთავსების ლოკაციის ცვლილებაც კი შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით, რაც გამყრელიძის თქმით – არ მომხდარა.

"ბანერების შეცვლის თაობაზე ინფორმაციის წინასწარ ქონის შემთხვევაში, ეროვნული ცენტრი ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებდა, რათა უპირობოდ გაგრძელებულიყო ბანერების განთავსების ყველა საჭირო ღონისძიება და მომხდარიყო ვაქცინაციის პოპულარიზაცია, მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ გარე ბილბორდებზე კოვიდ 19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის ბანერების დაუყონებლივ აღდგენა, ვინაიდან პანდემიის პერიოდში სწორედ იმუნიზაცია არის პანდემიის დასრულების რეალური საშუალება". – განმარტებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გაგზავნილ წერილში.

ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის შემცირების ფონზე, ხელისუფლებამ აცრისკენ მოწოდების ბანერებს სიძულვილის გამაღვივებელი, პოლიტიკური შინაარსის ბანერები გადააკრა.

17 სექტემბერს თბილისის ქუჩებში ახალი ბანერები გამოჩნდა, წარწერით – "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს!". ბანერებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და კრიტიკული მედიების მენეჯერები არიან გამოსახული.

18 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა და დაგმო ვაქცინაციის მოწოდების ბანერების სიძულვილის ენის შემცველი ბანერებით ჩანაცვლება.

თბილისის მერი და ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე ამბობს, რომ მერიას რეაგირება არ ექნება, რადგან, "გამოხატვის უფლება ყველას აქვს". მისივე მტკიცებით, ბანერები არ მოსწონს და წინასაარჩევნო კამპანიის დროს სიძულვილის ენას არ იყენებს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა ძალადობის შემცველ ანონიმურად განთავსებულ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა. ორგანიზაცია ასევე გეგმავს, მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ბანერების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

კომენტარები