არჩევნები 2021

ცესკო: ბანერების დამკვეთი კერძო პირია, არ არის საარჩევნო პროგრამა – სამართალდარღვევა არაა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სიძულვილის ენის შემცველი "სისხლიანი" ბანერების განთავსება, რომლებზეც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და კრიტიკული მედიის მენეჯერები არიან გამოსახულნი, არ მიიჩნია სამართალდარღვევად, რადგან მათი დამკვეთი კერძო პირია.

"საარჩევნო ადმინისტრაციამ დეტალურად მოიკვლია ბანერების თემა და დაადგინა კიდეც, რომ ბანერების დამკვეთი არის ფიზიკური პირი, რომელმაც შპს ალმას შეუკვეთა მათი დამზადება-განთავსება, სწორედ ამ კერძო პირის წერილობითი პასუხებიდან ირკვევა, რომ საჩივრებში მითითებული ბანერების დამზადება-განთავსება არ მომხდარა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებით.

ჩვენი მოკვლევის თანახმად, ეს პირი ასევე არ წარმოადგენს არცერთ პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს, ან მათ ოფიციალურ მხარდამჭერს, არც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არ არის რეგისტრირებული. ის არ არის არცერთი პოლიტიკური გაერთიანების შემომწირველი. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ჩვენს მიერ ხსენებული პირის მიერ თბილისსა და სხვა რეგიონებში განთავსებული ბანერები არ არის მიჩნეული საარჩევნო პროგრამად, სწორედ ამიტომ ამ პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს". – თქვა ცესკოს წარმომადგენელმა.

17 სექტემბერს თბილისის ქუჩებში ახალი ბანერები გამოჩნდა, წარწერით – "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს!". ბანერებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და კრიტიკული მედიების მენეჯერები არიან გამოსახული. 18 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა და დაგმო ვაქცინაციის მოწოდების ბანერების სიძულვილის ენის შემცველი ბანერებით ჩანაცვლება.

თბილისის მერი და ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე ამბობს, რომ მერიას რეაგირება არ ექნება, რადგან, "გამოხატვის უფლება ყველას აქვს". მისივე მტკიცებით, ბანერები არ მოსწონს და წინასაარჩევნო კამპანიის დროს სიძულვილის ენას არ იყენებს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა ძალადობის შემცველ ანონიმურად განთავსებულ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა. ორგანიზაცია ასევე გეგმავს, მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ბანერების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

კომენტარები