არჩევნები 2021

ევროპელების ბანერის გაკვრამდე 1 დღით ადრე ALMA სიძულვილის შემცველი ბანერების აკრძალვას ითხოვს

ევროპული საქართველოს ბანერის გაკვრამდე 1 დღით ადრე სარეკლამო კომპანია ალმა პარლამენტს მიმართავს და სიძულვილის ენის შემცველი რეკლამის განთავსების აკრძალვას ითხოვს. შეთანხმების მიხედვით, კომპანიას ევროპული საქართველოს ბანერის გაკვრის ვადა ხვალ, 8 ოქტომბერს ეწურება. 

მას შემდეგ, რაც ალმამ ოპოზიციის წევრებისა და კრიტიკული მედიის მენეჯერების გამოსახულებით "სისხლიანი" ბანერები გამოაკრა, ევროპულმა საქართველომ კომპანიას მიმართა, "იმავე სტანდარტით" ნებისმიერ ცენტრალურ მაგისტრალზე მათი ბანერიც გაეკრათ.  

თუმცა, ვადის ამოწურვამდე 1 დღით ადრე ალმა განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ "სისხლიან ბანერებს" საზოგადოების მხრიდან "სამართლიანი და ობიექტური ხასიათის" ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა, აგრესიის გამომხატველ ქმედებებს ემიჯნებიან და მათი როლი მხოლოდ დამკვეთებისგან სარეკლამო ბანერების მიღება და ბილბორდებზე განთავსებაა. განცხადების მიხედვითვე, პარლამენტის მიერ ცვლილებების შეტანამდე კომპანია უარს ეტყვის ნებისმიერ დამკვეთს სარეკლამო ბილბორდებზე "სიძულვილის ენის შემცველი და საზოგადოების პოლარიზაციისადმი მიმართული სარეკლამო კონტენტის" განთავსებაზე.

"ზემოაღნიშნული სარეკლამო ბანერების განთავსებაზე, გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვისთანავე, ა.წ. 2 ოქტომბერი, შპს ალმამ დაუყოვნებლივ უზრუნველყო აღნიშნული სარეკლამო ვიზუალების ჩამოხსნა და არცერთ შემთხვევაში არ აპირებს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას.

ამას გარდა, ა.წ. 3 ოქტომბერს, ორშაბათს შპს ალმამ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა და მოითხოვა საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში და რეკლამის შესახებ საქართველოს კანონში დამატებების შეტანა, რამაც უნდა შეზღუდოს გარე რეკლამის სფეროში სიძულვილისა და ბოროტების ენის შემცველი რეკლამის განთავსება და მისცეს შესაძლებლობა რეკლამის გამავრცელებელს ლეგიტიმური უარი განუცხადოს რეკლამის დამკვეთს სარეკლამო მომსახურების გაწევაზე.

იმედს ვიტოვებთ, რომ საკანონმდებლო ორგანო მხარს დაუჭერს ჩვენს, ვფიქრობთ აბსოლუტურად სამართლიან და ობიექტურ ინიციატივას და უახლოეს პერიოდში განახორციელებს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს.

აქვე დავძენთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კარგად გვესმის და ვაღიარებთ ნებისმიერი სუბიექტის მიერ სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას და მისი უზრუნველყოფის საჭიროებას, საკანონმდებლო აქტებში ზემოაღნიშნული ცვლილებების შეტანამდე, ჩვენ ცალმხრივად მივიღეთ გადაწყვეტილება და შპს ალმა უარს ეტყვის ნებისმიერ დამკვეთს სარეკლამო ბილბორდებზე სიძულვილის ენის შემცველი და საზოგადოების პოლარიზაციისადმი მიმართული სარეკლამო კონტენტის განთავსებაზე.

ჩვენ ასევე გააზრებული გვაქვს, რომ კომპანიის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა გამოიწვიოს რეკლამის დამკვეთის თუ დამკვეთების სამართლებრივად დასაბუთებული პრეტენზია შპს „ალმას“ მიერ მომსახურების გაწევაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება განაპირობოს სამართლებრივი პროცედურების დაწყება კომპანიის წინააღმდეგ.

თუმცაღა, ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოოა ნებისმიერ სუბიექტთან მიმართებაში და ვფიქრობთ, აღნიშნული ნაბიჯით ჩვენი მხრიდან მცირე წვლილს შევიტანთ საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებასა და გარე რეკლამის სფეროში ერთხელ და სამუდამოდ ცივილური ურთიერთობის სტანდარტის დამკვიდრებაში". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

როდის გააკრავს და გააკრავს თუ არა ევროპული საქართველოს ბანერს ალმა - კითხვით ტაბულამ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიმართა, სადაც ამბობენ, რომ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ აქვთ. 


17 სექტემბერს თბილისის ქუჩებში ახალი ბანერები გამოჩნდა, წარწერით – "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს!" ბანერებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და კრიტიკული მედიების მენეჯერები არიან გამოსახული. ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის შემცირების ფონზე, ხელისუფლებამ სიძულვილის გამაღვივებელი, პოლიტიკური შინაარსის ბანერები აცრისკენ მოწოდების ბანერებს გადააკრა.

18 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა და დაგმო ვაქცინაციის მოწოდების ბანერების ჩანაცვლება.  20 სექტემბერს კი, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა კომპანია ალმას ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების დაბრუნების მოთხოვნით ოფიციალური წერილობით მიმართა. 

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა ძალადობის შემცველ ანონიმურად განთავსებულ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა. ორგანიზაცია ასევე გეგმავს, მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ბანერების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ცესკოს საჩივრით მიმართა პოლიტიკურმა მოძრაობამაც – დროა. 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჩივრები განიხილა და სიძულვილის ენის შემცველი "სისხლიანი" ბანერების განთავსება არ მიიჩნია სამართალდარღვევად, რადგან მათი დამკვეთი კერძო პირია. 

თბილისის მერი და ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე ამბობს, რომ მერიას რეაგირება არ ექნება, რადგან, "გამოხატვის უფლება ყველას აქვს". მისივე მტკიცებით, ბანერები არ მოსწონს და წინასაარჩევნო კამპანიის დროს სიძულვილის ენას არ იყენებს. 

კომენტარები