სააკაშვილი ზელენსკის: ვაფასებ თქვენს პრინციპულ პოზიციას იმპერიის პატიმრის დასაცავად

World Bank/Roxana Bravo

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წერილით მიმართავს და მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის.

"ჩემთვის უაღრესად სასიამოვნოა თქვენი სიტყვების მოსმენა. ეს არის მაღალი კლასის პოლიტიკური ლიდერის პასუხი ჩემს უსამართლო დაჭერასა და დაკავებაზე საქართველოში, რაც ეფუძნება ყალბ ბრალდებებს, რომლებსაც მსოფლიოს გარშემო არავინ აღიარებს, რუსეთის გარდა.

საქართველო ჩემი სიყვარულია, თუმცა მე ასევე ძალიან მიყვარს უკრაინა, როგორც ჩემი მეორე სახლი, სადაც ცხოვრების ბევრი წელი გავატარე, სადაც მყავს ოჯახი და მეგობრები და მე დიდად ვაფასებ, რომ ვარ უკრაინის მოქალაქე.

მთელი ცხოვრება ვიქნები ამაყი, რომ მქონდა შესაძლებლობა წვლილი შემეტანა თქვენი ხელმძღვანელობით გატარებულ რეფორმებსა და ცვლილებებში. ვინაიდან მე პუტინის პირადი პატიმარი ვარ, ძლიერ ვაფასებ თქვენს პრინციპულ პოზიციას უკრაინის და მთლიანი რეგიონის დასაცავად და ასევე იმპერიის პატიმრის". - წერს მიხეილ სააკაშვილი.

2 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. იქამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. 

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმში იყო. 

მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.ზელენსკის თქმით, უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ.

"​მე როგორც უკრაინის პრეზიდენტი, და თქვენ ეს მშვენივრად იცის, სულ იმას ვაკეთებ, რომ უკრაინის მოქალაქეებს ვაბრუნებ. სხვადასხვა საშუალებებით, რომლებიც მაქვს, რომლებიც ხელისუფლებამ მომცა. ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ამიტომ ეს მასაც ეხება. ყველა ინსტიტუტი, მათ შორის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი საელჩო საქართველოში, საქართველოს ელჩის დონეზე და მინისტრთა კაბინეტებს შორის საუბრის დონეზე - ყველანი ვიმუშავებთ ამაზე" - თქვა ზელენსკიმ ბრიფინგზე.

მანამდე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა ზელენსკის პრესმდივნი, სერგეი ნიკიფოროვი და თქვა, რომ ზელენსკი შეშფოთებული იყო საკაშვილის დაკავებით.

კომენტარები