მიხეილ სააკაშვილის დაკავება

"ზელენსკი სააკაშვილის დაკავებით შეშფოთებულია" – უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი

ვოლოდიმირ ზელენსკი. კადრი სერიალიდან "ხალხის მსახური".
MIA

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის, სერგეი ნიკიფოროვის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი შეშფოთებულია საქართველოს ექსპრეზიდენტის და უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებით და უკრაინა ყურადღებით ადევნებს თვალს ამ ამბავს. ნიკიფოროვის თქმით, უკრაინულ მხარეს ოფიციალური ინფორმაცია ჯერაც არ მიუღია უკრაინის მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით. 

"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეშფოთებულია ამ ახალი ამბით და იმ განცხადებების ტონით, რომელიც საქართველოში სიტუაციის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით კეთდება.

უკრაინა მიმართავს ქართულ მხარეს,  გარკვევით განმარტოს ყველა გარემოება და მიზეზი უკრაინის მოქალაქის მიმართ ამ ნაბიჯის გადადგმისა. უკრაინის საელჩოს საქართველოში ჯერაც არ მიუღია დაპატიმრებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია, მაგრამ ჩვენი კონსულები უკვე მუშაობენ, რათა მიხეილ სააკაშვილს ყველა საჭირო დახმარება აღმოუჩინონ", - წერს სერგეი ნიკიფოროვი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების ცნობით, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. 

მიხეილ სააკაშვილმა თავის მომხრეებს 3 ოქტომბერს თბილისში შეკრებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ის ერთ-ერთ კოლონაში იქნება. 

შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას. მისი ბრიფინგი 21:00 საათზეა ჩანიშნული

განცხადება არ გაუკეთებია არც ოფიციალურ კიევს, თუმცა, უკრაინის რეფორმების საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის, მარია ბარაბაშის თქმით, 3 დღის წინ მიხეილ სააკაშვილი ოფისის წამყვან მენეჯერებს დაემშვიდობა. ბარაბაშმა TV პალიტრას უთხრა, რომ სააკაშვილმა თანამშრომლებს საქართველოში გამგზავრების გადაწყვეტილება გააცნო.

კომენტარები