Pandora Papers

ბოკერია Pandora Papers-ზე: ივანიშვილი გამჭვირვალობის ვალდებულებისგან თავის არიდებას ცდილობს

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ეხმაურება Pandora Papers-ის გავრცელებულ მასალებს სადაც საქართველოდან მოხვდა ქართული ოცნების დამფუძნებელი და ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი. ბოკერია აცხადებს, ივანიშვილი გამჭვირვალობის ვალდებულებისგან თავის არიდებას ცდილობს. 

მისივე თქმით, ზოგადად ოფშორები არალეგიტიმური ამბავი არ არის, თუმცა რიგ შემთხვევებში, როცა პოლიტიკურად აქტიურ ადამიანები მალავენ ქონებას, ხშირად შეიძლება იყოს მაქინაციების სურვილი, გადასახადების დამალვის, ამა თუ იმ ქვეყნის რეგულაციებიდან თავის აცილების შესაძლებლობა ან ამოცანა რომ მათი პოლიტიკური მანევრები, რომელსაც ახორციელებენ მათი კაპიტალის მეშვეობით, არ იყო საზოგადოებისთვის დასანახი.

"ავტომატურად ეს ასე არ არის, არ ეგონოს ვინმეს, რომ ავტომატურად ყველას ან უმრავლესობას ბრალი უნდა წავუყენოთ, ვინც ოფშორებს იყენებს, მაგრამ ივანიშვილის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს უამრავი შემთხვევა და საფუძველი, ვიფიქროთ რომ სწორედ საუბარი არის იმ ტიპის ინფორმაციის დამალვაზე, რომელიც მისთვის შეიძლება პოლიტიკურად პრობლემა აღმოჩნდეს, იმიტომ რომ ის მართავს ამ ქვეყანას. ზოგადად, როცა პოლიტიკური ხელმძღვანელი ხარ და გაქვს მართვის სადავეები, იქ გამჭვირვალობის დამატებითი ვალდებულებები შემოდის, რომლისგანაც თავის არიდებას ცდილობს ივანიშვილი".- ამბობს ბოკერია. 


გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) 35 მოქმედი და ძველი ლიდერის და 300-ზე მეტი საჯარო პირის ოფშორულ ბიზნესებსა და დამალული ქონებების შესახებ მონაცემები Pandora Papers-ის სახელით შეკრიბა.

გავრცელებულ ფაილებში საქართველოდან მოხვდა ქართული ოცნების დამფუძნებელი და ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 1998-2016 წლებში ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე 12 კომპანია დააარსა. გაჟონილი მასალები იურიდიული ფირმა Alcogal-ის შიდა მონაცემებს ეყრდნობა.

ICIJ-ის გამოძიება 650- ზე მეტ ჟურნალისტს აერთიანებს და BBC და Guardian-თან ერთად დაახლოებით 12 მილიონ ფაილზე მოიპოვა წვდომა 14 ფინანსური სერვისის კომპანიებიდან ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბრიტანეთში, სინგაპური, შვეიცარია, საამიროები და სხვა. მოპოვებული ფაილებიდან დაახლოებით 6 მილიონი დაკუმენტია, 2 მილიონი ფოტოსურათი და მილიონი მეილი.  

"მსგავსი მასშტაბის საქმე არასდროს გამოაშკარავებულა. ეს გვაჩვენებს რეალობას, როგორ ეხმარება ოფშორული კომპანიები მდიდრებს ქონების დაფარვასა და გადასახადების არიდებაში". - ამბობს ICIJ-ის ჟურნალისტი.

საქართველოს გარდა, სიაში უკრაინიდან მოხვდა 38 პოლიტიკოსი, აზერბაიჯანიდან - 2, რუსეთიდან - 19. მასალები ჯამში 338 პოლიტიკოსს აერთიანებს.

კომენტარები