Pandora Papers

Pandora Papers-ის საიდუმლო ქონების მფლობელ პოლიტიკოსების სიაში ბიძინა ივანიშვილი მოხვდა

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) 35 მოქმედი და ძველი ლიდერის და 300-ზე მეტი საჯარო პირის ოფშორულ ბიზნესებსა და დამალული ქონებების შესახებ მონაცემები Pandora Papers-ის სახელით შეკრიბა.

გავრცელებულ ფაილებში საქართველოდან მოხვდა ქართული ოცნების დამფუძნებელი და ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 1998-2016 წლებში ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე 12 კომპანია დააარსა. გაჟონილი მასალები იურიდიული ფირმა Alcogal-ის შიდა მონაცემებს ეყრდნობა.

"დოკუმენტებში საკმარისი ინფორმაცია არ არის მისი კომპანიის შესახებ. ერთ-ერთი კომპანია Silverpot Holdings Ltd შეიქმნა საბროკერო ანგარიშის მეშვეობით საჯაროდ აღნუსხული კომპანიების გასაკონტროლებლად. მეორე კომპანია Brighton Corporate Ltd შეიქმნა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ვალად აღებული სააქციო კაპიტალით დასაფინანსებლად. აღნიშნული ფონდი საქართველოში აფინანსებს სასტუმროებს, ჰიდროელექტროსადგურებს, სათბურებს და სხვა". - წერია Pandora Papers-ის მასალებში.

მასალებში ასევე ვკითხულობთ, რომ 2011 წელს ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულების ფინანსურმა მარეგულირებელმა(BVI) გამოძიების მიზნით Alcogal-ს მიმართა და ივანიშვილის კიდევ ერთ ოფშორულ კომპანიის, Finseck-ის შესახებ ჰკითხა. პასუხად მიიღო, რომ ფირმა დაკავშირებული იყო ქონების მინდობით მართვასთან და იგი ივანიშვილმა შვილების კეთილდღეობისთვის დააფუძნა.

თანაინვესტირების ფონდის წარმომადგენელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.

ICIJ-ის გამოძიება 650- ზე მეტ ჟურნალისტს აერთიანებს და BBC და Guardian-თან ერთად დაახლოებით 12 მილიონ ფაილზე მოიპოვა წვდომა 14 ფინანსური სერვისის კომპანიებიდან ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბრიტანეთში, სინგაპური, შვეიცარია, საამიროები და სხვა. მოპოვებული ფაილებიდან დაახლოებით 6 მილიონი დაკუმენტია, 2 მილიონი ფოტოსურათი და მილიონი მეილი.  

"მსგავსი მასშტაბის საქმე არასდროს გამოაშკარავებულა. ეს გვაჩვენებს რეალობას, როგორ ეხმარება ოფშორული კომპანიები მდიდრებს ქონების დაფარვასა და გადასახადების არიდებაში". - ამბობს ICIJ-ის ჟურნალისტი.

საქართველოს გარდა, სიაში უკრაინიდან მოხვდა 38 პოლიტიკოსი, აზერბაიჯანიდან - 2, რუსეთიდან - 19. მასალები ჯამში 338 პოლიტიკოსს აერთიანებს.

კომენტარები