Pandora Papers

ზელენსკი PANDORA PAPERS-ზე: არაფერი ახალი, ყველაფერი 2019-ში ოლიგარქ პოროშენკოს არხებზე ვნახეთ

ვოლოდომირ ზელენსკი
Twitter/@ZelenskyyUa

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Pandora Papers-ის ინფორმაციას მისი ოფშორული კომპანიების შესახებ პირველად გამოეხმაურა.

ICTV-სთან ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ ჟურნალისტურ გამოძიებაში ახალი ვერაფერი ნახა და ეს ინფორმაცია უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშეკნოს მიერ კონტროლირებად მედიებში მანამდეც ჩნდებოდა.

"გულწრფელად რომ ვთქვა, დიდი ვერაფერი სიუჟეტია, როგორც პროფესიონალი გეუბნებით. ჯერ ერთი, არაფერი ახალი, ჩემთვის დეჟავუსავით იყო. 2019 წელს იგივე კინო ვნახეთ ოლიგარქი პოროშენკოს არხებზე, რომლსაც ანახებდა, იმიტომ რომ ესმოდა, ჩემს წინააღმდეგ არანაირი ჭუჭყი არ არის.. მიხარია, რომ ახალი დეტალი ვერაფერი ვნახე. ეს მეტყველებს, რომ 2019 წლის შემდეგ ჩემს, როგორც უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ ამხანაგმა პეტრომ ვერაფერი იპოვა." - თქვა ზელენსკიმ.

ასევე ზელენსკიმ არ უარყო, რომ წარსულში ოფშორულ კომპანიებს იყენებდა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ბიზნესის სტრუქტურირებისთვის ხდებოდა და არა ფულის გათეთრებისთვის.

"ხალხმა იცის ყველაფერი, რასაც 2019 წლამდე ვაკეთებდი. ესაა ტელევიზია და კინო. იანუკოვიჩის დროს ყველა აკეთებდა ბიზნესის სტრუქტურირებას. განსაკუთრებით ტელევიზიასთან, მედიასთან დაკავშირებული ბიზნესის. ყველა არხს ჰქონდა საზღვარგარეთ კომპანიები. იმიტომ რომ ეს იყო საშუალება, პოლიტიკას შენზე გავლენა არ ჰქონდა. კვარტალ 95-ს ჰქონდა სატირა, ყველა აწვეობდა, ყველას უნდოდა გავლენის ქონა. საგადასახადო ყოველდღე თუ არა, ყოველკვირას მოდიოდა ჩვენთან. და ამისთვის იყო, კავრტალი 95-ის სტუდიის "ბიზნესის სტრუქტურირება" ერქვა. 

მე პირადად უკრაინაში ნოლიდან დავიწყე ბიზნესი ბიუჯეტის და სახელმწიფოს გარეშე. ფულის გათეთრებით არასოდეს ვიყავი დაკავებული არც მე და არც კვარტალი 95-ის სტუდიის არცერთი წევრი. ჩვენ მხოლოდ შემოქმედებით ვიყავით დაკავებული." – თქვა ზელენსკიმ.

კვარტალი 95 სატელევიზიო სტუდიაა, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ დააფუძნა. კომპანიამ შექმნა უკრაინაში პოპულარული ტელესერიალი ხალხის მსახური. სერიალში ზელენსკი ასრულებს ისტორიის მასწავლებლის როლს, რომელსაც მოულოდნელად უკრაინის პრეზიდენტად აირჩევენ. პოლიტიკაში მოსვლამდე ზელენსკი სწორედ ამ სერიალით გახდა პოპულარული.


ოქტომბრის დასაწყისში გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) 35 მოქმედი და ძველი ლიდერის და 300-ზე მეტი საჯარო პირის ოფშორულ ბიზნესებსა და დამალული ქონებების შესახებ მონაცემები Pandora Papers-ის სახელით გამოაქვეყნეს.

ICIJ-ის გამოძიება 650- ზე მეტ ჟურნალისტს აერთიანებს და BBC და Guardian-თან ერთად დაახლოებით 12 მილიონ ფაილზე მოიპოვა წვდომა 14 ფინანსური სერვისის კომპანიებიდან ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბრიტანეთში, სინგაპური, შვეიცარია, საამიროები და სხვა. მოპოვებული ფაილებიდან დაახლოებით 6 მილიონი დაკუმენტია, 2 მილიონი ფოტოსურათი და მილიონი მეილი.  

"მსგავსი მასშტაბის საქმე არასდროს გამოაშკარავებულა. ეს გვაჩვენებს რეალობას, როგორ ეხმარება ოფშორული კომპანიები მდიდრებს ქონების დაფარვასა და გადასახადების არიდებაში". - ამბობს ICIJ-ის ჟურნალისტი.

გავრცელებულ ფაილებში საქართველოდან მოხვდა ქართული ოცნების დამფუძნებელი და ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 1998-2016 წლებში ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე 12 კომპანია დააარსა. გაჟონილი მასალები იურიდიული ფირმა Alcogal-ის შიდა მონაცემებს ეყრდნობა.

საქართველოს გარდა, სიაში უკრაინიდან მოხვდა 38 პოლიტიკოსი, აზერბაიჯანიდან - 2, რუსეთიდან - 19. მასალები ჯამში 338 პოლიტიკოსს აერთიანებს.

კომენტარები