მიხეილ სააკაშვილის დაკავება

უკრაინული მედია: უკრაინაში სააკაშვილის მიერ ქვეყნიდან გასვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

უკრაინული მედიის, Цензор.НЕТ-ის ცნობით, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურში, მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით სამსახურეობრივი გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას გამოცემის მთავარი რედაქტორი, იური ბუტუსოვი ავრცელებს. 

"Цензор.Нет-ის წყაროების მიხედვით, სააკაშვილის უკრაინიდან გასვლის ფაქტზე სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურში სამსახურეობრივი გამოძიება დაიწყო. როგორც ჩანს, სასაზღვრო მონაცემებში სააკაშვილის ქვეყნიდან გასვლა არ ფიქსირდება. არადა, გემების შემოწმება ძალიან მკაცრი პროცესია, მანქანები სკანირებას გადიან", – წერს გამოცემის რედაქტორი. 

ასევე, ბუტუსოვის თქმით, შესაძლოა ამ ფაქტთან დაკავშირებით, მოვალეობიდან გაათავისუფლეს ოდესის სახელმწიფო საზღვრის დაცვის ხელმძღვანელი, მანამ სანამ გამოძიება მიმდინარეობს.  

"შესაძლოა, ამ გარემოებებთან კავშირში, თუმცა, შესაძლოა, სხვა მიზეზების გამო, სამსახურეობრივი გამოძიების განმავლობაში, ოდესის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მოვალეობიდან გაათავისუფლეს", – წერს ბუტუსოვი.

"უკრაინას მოუწევს საქართველოს მთავრობას მიაწოდოს ოფიციალური განმარტება, როგორ შეძლო სააკაშვილმა გაპარვა უკრაინელი მესაზღვრეების შეუმჩნევლად", – ამატებს Цензор.НЕТ-ის რედაქტორი. 


1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა".

კომენტარები