არჩევნები 2021

ბოკერია: პრემიერმა თქვა, რომ მართლმსაჯულება მისთვის პოლიტიკური ანგარიშსწორების საშუალებაა

ტბელ აბუსერიძე/ტაბულა

ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია გამოეხმაურა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც დაპატიმრებულ ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე თქვა, რომ, თუ ის წესიერად არ მოიქცევა, სხვა მუხლებსაც დაუმატებენ.

ბოკერიას თქმით, კანონი ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს, მიუხედავად პიროვნების პოლიტიკური საქმიანობისა, ხოლო ქართული ოცნება პირდაპირ ამბობს, რომ მათთვის მართლმსაჯულება მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტია და არაფერი აქვს კავშირი კანონის უზენაესობასთან.

"თუ მართლმსაჯულებაზე საუბრობენ და კანონმდებლობაზე, ვინ როგორ მოიქცევა პოლიტიკურად, საერთოდ არაფერ შუაში არ უნდა იყოს. თუ თვლიან, რომ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, ერთნაირად მკაცრად უნდა მიუდგნენ ამას, იმის მიუხედავად, პოლიტიკურად აქტიურია ეს ადამიანი თუ არა. მაგრამ, ეს ადამიანები [ქართული ოცნება] პირდაპირ გვეუბნებიან, მარტო სააკაშვილზე არ არის ლაპარაკი, რომ მართლმსაჯულება მათთვის არის პოლიტიკური ანგარიშის გასწორების საშუალება. თუ ცუდად მოიქცევა მათი აზრით ვინმე, უფრო მკაცრად დასჯიან. ამას არანაირი კავშირი არ აქვს არც კანონის უზენაესობასთან და არც მართლმსაჯულებასთან". – თქვა ბოკერიამ

2 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. იქამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. 

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმში იყო. 

მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.ზელენსკის თქმით, უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ.

"​მე როგორც უკრაინის პრეზიდენტი, და თქვენ ეს მშვენივრად იცის, სულ იმას ვაკეთებ, რომ უკრაინის მოქალაქეებს ვაბრუნებ. სხვადასხვა საშუალებებით, რომლებიც მაქვს, რომლებიც ხელისუფლებამ მომცა. ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ამიტომ ეს მასაც ეხება. ყველა ინსტიტუტი, მათ შორის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი საელჩო საქართველოში, საქართველოს ელჩის დონეზე და მინისტრთა კაბინეტებს შორის საუბრის დონეზე - ყველანი ვიმუშავებთ ამაზე" - თქვა ზელენსკიმ ბრიფინგზე.

მანამდე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა ზელენსკის პრესმდივნი, სერგეი ნიკიფოროვი.

"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეშფოთებულია ამ ახალი ამბით და იმ განცხადებების ტონით, რომელიც საქართველოში სიტუაციის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით კეთდება.

უკრაინა მიმართავს ქართულ მხარეს,  გარკვევით განმარტოს ყველა გარემოება და მიზეზი უკრაინის მოქალაქის მიმართ ამ ნაბიჯის გადადგმისა. უკრაინის საელჩოს საქართველოში ჯერაც არ მიუღია დაპატიმრებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია, მაგრამ ჩვენი კონსულები უკვე მუშაობენ, რათა მიხეილ სააკაშვილს ყველა საჭირო დახმარება აღმოუჩინონ" - თქვა სერგეი ნიკიფოროვი

კომენტარები