არჩევნები 2021

ხაზარაძე საპატრიარქოზე: ვფიქრობ, რომ გადასასვლელია ახალი ტიპის დაფინანსებაზე

ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, საპატრიარქო გადასასვლელია ახალი ტიპის დაფინანსებაზე და ეს თავად მრევლმა უნდა გადაწყვიტოს – როგორ უნდა დააფინანსოს. ასე პასუხობს ლელოს ლიდერი კითხვას – თუ ვიხილავთ ხელისუფლებაში, შეძლებს თუ არა, გადადგას ნაბიჯი იმისკენ, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები [საპატრიარქოს] დაფინანსების გაუქმებაზე. ამის შესახებ ხაზარაძემ ფორმულას ეთერში ისაუბრა.

"კონკორდატი, რომელიც არსებობს, ამ დოკუმენტის შექმნაში, მე პირადად, მონაწილეობა მიღებული მაქვს, ეს იყო 2000-2001 წელი და ჩემ მეგობრებთან ერთად ვთვლიდი, რომ ეს იყო ძალიან სწორი ნაბიჯი, იმიტომ, რომ საბჭოთა რეჟიმმა ჩვენ ეკლესიას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. ახლა გავიდა მას მერე უკვე 21 წელი, ახალი რეალობაა ქვეყანაში. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი რამ არაა ცნობილი საზოგადოებისთვის და აქვე მინდა განვმარტო, რომ ეკლესია არის სასულიერო დასისა და მრევლის ერთობა. ჩვენ ვართ ეკლესია, ვინც ახლა ამ ეკლესიას ვეკუთვნით, შესაბამისად, იქ დამალული არ უნდა იყოს, ვიღაცას ერევა ეკლესია საპატრიარქოში და ასე შემდეგ.

შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ გადასასვლელია ახალი ტიპის დაფინანსებაზე და თვითონ მრევლმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ უნდა დააფინანსოს ის. უამრავი მეთოდი არსებობს ამის, გერმანული მეთოპდი, სხვა მეთოდი, როდესაც თვითონ ადამიანები იხდიან თავისი გადასახადებიდან და ბეგარისგან თავისუფლდებიან. უამრავი მექანიზმია, ამაზე დისკუსია უნდა მოეწყოს". – განმარტავს მამუკა ხაზარაძე.

მისივე თქმით, დაფინანსების არსებულმა ფორმამ ამოწურა თავი, – "ის ბევრი კითხვაა, რომელიც გაჩნდა საზოგადოებაში და ბოლოს მიდის – 25 მილიონს ვაძლევთ და აბა, რა კეთდება. მინდა, გითხრათ, რომ ძალიან ბევრი რაღაც კეთდება, მაგრამ ბევრი რაღაც კეთდება, რომელიც ჩვენ არ ვიცით. ამიტომ, საპატრიარქო ისეთივე გამჭვირვალე უნდა იყოს, ანგარიშვალდებული და აუდიტირებული, ისევე, როგორც ნებისმიერი, თუ გვინდა, რომ ცივილურ ურთიერთობაში შევიდეთ. თუ ეს არ არის გამჭვირვალე და აუდიტირებული, მაშინ ჩნდება იქ კითხვები". – ამბობს ხაზარაძე.

კომენტარები