არჩევნები 2021

ღუდუშაური აშშ-ს საელჩოზე: განცხადება ვარაუდია, არავითარ შემთხვევაში არაა მტკიცებით ფორმაში

ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური დმანისში ოპოზიციის მხარდამჭერი აქტივისტების დაჭრის ფაქტზე საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ის ვარაუდია და "არავითარ შემთხვევაში არ არის მტკიცებით ფორმაში".  

"საელჩოს განცხადებაში მკაფიოდ არის, ასე ვთქვათ, ვარაუდი არის გამოთქმული და არავითარ სემთხვევაში არ არის მტკიცებით ფორმაში. მე მესმის, რომ თქვენ გინდათ შორს და ინსპირაციებში შეხვიდეთ, მაგრამ ჯერ არ არის ამის ფაქტობრივი მოცემულობა. ფაქტობრივი მოცემულობა არის შემდეგი, რომ მიმდინარეობს გამოძიება, ბრალდებული არის დაკავებული და მოხდა მყისიერად რეაგირება, ჩვენი მხრიდან იქნა დაგმობილი, საელჩო, თავის მხრივ, გამოთქვამს ვარაუდს და აღნიშნულ ვარაუდზე ჩვენ დამატებით მივაწოდებთ ინფრომაციას, რა  თქმა უნდა, გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით". - ამბობს ღუდუშაური.  

საქართველოში აშშ-ის საელჩომ 22 სექტემბერს დმანისსა და რუსთავში პოლიტიკურად მტივირებული თავდასხმები დაგმო. საელჩოს შეფასებით, ზეწოლაზე ცნობები დემოკრატიული არჩევნების მიმართ მთავრობის ერთგულებაზე სერიოზულ ეჭვებს აჩენს.  

"საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა იმის უზრუნველსაყოფად, რომ კანდიდატებმა და მათმა მხარდამჭერებმა შეძლონ შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების დემოკრატიული უფლებებით სარგებლობა დაშინების, შევიწროების ან ძალადობის საფრთხეების გარეშე, აგრეთვე, შეძლონ აქტიური ნაბიჯების გადადგმა იმ პირთა პასუხისგებისთვის, ვინც არღვევს არჩევნების პირობებს.

ყველა პარტიას აქვს სამოქალაქო ვალდებულება, ხელი შეუწყოს მშვიდობიან გარემოს, რომელშიც მოქალაქეები შეძლებენ იმსჯელონ სხვადასხვა საკითხზე, გამოხატონ თავიანთი აზრი, თუ რას ანიჭებენ უპირატესობას და აირჩიონ მათთვის სასურველი კანდიდატები ძალადობისა და დაშინების საფრთხის გარეშე". - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში. 

დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტის დაჭრის ფაქტზე ინფორმაცია 21 სექტემბერს პარტია პროგრესი და თავისუფლების ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, "თავდამსხმელები იგივე ადამიანები არიან, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავს გვესხმოდნენ მე და ჩემს მომხრეებს და ისინი უკვე არიან ნასამართლევი. ეს ხალხია: ზურაბ ოკმელაშვილი, ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი და მისი ვაჟი, დავით დაუთაშვილი.

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დმანისში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი, დავით დაუთაშვილი 22 სექტემბერს დააკავეს.

კომენტარები