კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: რეგულაციების გამკაცრების რეკომენდაცია გვექნება, ახალ შეზღუდვებზე ვმსჯელობთ

NCDC

ჯანდაცვის სამინისტრო საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვების გამკაცრების რეკომენდაციით მიმართავს. შესაძლოა, დაწესდეს ახალი შეზღუდვებიც. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამის მიზეზი კორონავირუსის შემთხვევების გავრცელების "ოდნავი" მატებაა. რუსთავი ორის ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, უწყება მსჯელობს და ნაადრევი იქნება თქმა, რა შეზღუდვები გამკაცრდება ან დაემატება.

"ჯერ არ არსებობს ის სრული პაკეტი, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება, თუმცა დამატებითი ღონისძიებების გატარების აუცილებლობის საფუძველს გვაძლევს ინფექციის გავრცელების კოეფიციენტის შეჩერება და ოდნავი მატება, რაც გულისხმობს იმას, რომ შემდგომი სამი კვირისთვის შეიძლება ვივარაუდოთ ინფექციის აბსოლუტურ რიცხვში და დადებითობის მაჩვენებლის გაზრდა. იმისთვის, რომ ეს თავიდან ავიცილოთ, მნიშვნელოვანია, განხილული იყოს სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც ეფექტური იქნება და განაპირობებს ინფექციის კლებას და  არა ზრდას" - თქვა ტიკარაძემ.

კითხვაზე, "ანუ ჯანდაცვის გუნდს ექნება რეკომენდაციები შეზღუდვების უფრო გამკაცრებასთან ან ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით?", მინისტრი პასუხობს - "დიახ, გამკაცრებასთან დაკავშირებით აუცილებლად, ახალ რეგულაციებზე ვმსჯელობთ".


ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. 14 აგვისტოს გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი, მხოლოდ 13 სექტემბრიდან აღდგა. 15 სექტემბრიდან ქვეყანაში სწავლა დისტანციურად დაიწყო.

ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელია 6.92%, ბოლო 7 დღის - 6.48%. ეს მონაცემი ერთი თვის წინ, შესაბამისად, 10.92% და 10.8% იყო.

22 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ჯამში 1 686 412 აცრა ჩატარდა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 956 417 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.5%, აქედან ორჯერადად - 729 995 ადამიანი (მოზრდილი მოსახლეობის 25.06%).

აღსანიშნავია, რომ სექტემბრის თვეში პირველი დოზით აცრებზე ჯავშნებმა დაიკლო, ამას ჯანდაცვის უწყების დ NCDC-ის წარმომადგენლებიც ადასტურებენ. 1-14 სექტემბრის პერიოდში პირველი დოზით მხოლოდ 117 793 ადამიანი აიცრა - დღეში საშუალოდ 8 413. თუმცა, ბოლო ერთ კვირაში ეს მონაცემი კიდევ უფრო შემცირდა.

15 სექტემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 1 561 228 აცრა იყო ჩატარებული, აქედან ერთჯერადად 919 876 ადამიანი, ხოლო სრულად - 641 352. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო 7 დღეში სულ 125 184 აცრა ჩატარდა (დღეში საშუალოდ 17 883), აქედან I დოზით აიცრა მხოლოდ 36 541 ადამიანი (დღეში საშუალოდ 5 220), ხოლო მეორე დოზით - 88 643 ადამიანი (დღეში საშუალოდ 12 663).

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები