ჭყონდიდის ეპარქია

მიტროპოლიტმა სტეფანემ მასთან დაპირისპირებული სასულიერო პირები ეკლესიიდან განკვეთა

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა ადრე განყენებული მღვდლები ეკლესიიდან განკვეთა. ამის შესახებ მან ამბიონიდან განაცხადა და აღნიშნა, რომ განკვეთილ პირებს ეკრძალებათ სამონაზნო სამოსის და ატრიბუტიკის ტარება. 

მიტროპოლიტმა სტეფანემ ხელისუფლებას სთხოვა, განკვეთილმა სასულიერო პირებმა სალხინოს მონასტრის ტერიტორია და მიწები დატოვონ. 

მიტროპოლიტმა სასულიერო პირები ამბოხში დაადანაშაულა და განკვეთა: 

"ბერ-დიაკონმა პეტრემ, ბერ-მონაზონმა ათინოგენემ, მონაზინმა დანიელმა, მონაზონმა ამბროსიმ (ხელაია), მონაზონმა ამბროსიმ (სხულუხია) მონაზონმა დავითმა, მონაზონმა ბასილმა (გვილავამ), მონაზონმა მარკოზმა (წულაიამ) აგრეთვე, გაგა ავალიანმა და ჯაბა ცერცვაძემ, მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა კანონიკური სასჯელების დაკისრებისა, არათუ შეწყვიტეს ანტიეკლესიური ქმედება, არამედ კიდევ უფრო მეტი თავხედობით და ზღვარგადასული უკეთურებით განაგრძნობენ ქმედებებს, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება მონასტული ცხოვრების წესს და საეკლესიო კანონებს. მათ არაერთხელ მოაწყვეს თავდასხმა ჭყონდიდელ მიტროპოლიტზე და სხვა სასულიერო პირებზე. აგრეთვე მუდმივ ტერორში ამყოფებენ ადგილობრივ მოსახლეობას".- თქვა მიტროპოლიტმა. 


ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტ სტეფანეს და სასულიერო პირების ნაწილს შორის დაპირისპირება მეუფე სტეფანეს ეპარქიაში ეპისკოპოსად დანიშვნის შემდეგ დაიწყო. 

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე ეპარქიის ყოფილ მმართველ პეტრე ცაავასა და მის მხარდამჭერებს დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს. მან ეპარქიაში დადგინებიდან 52 დღეში ერთი მღვდელი გაკვეთა მღვდლობიდან, სამ მღვდელსა და სამ დიაკონს მღვდელმსახურება აუკრძალა, შვიდ მონაზონს და სამ მორჩილს აუკრძალა ზიარება, ასევე მონასტრიდან გააძევა ერთი მონაზონი და ერთი მორჩილი. 

კომენტარები