ფარული მოსმენები

გახარია მეუფე იაკობზე: სასულიერო პირებს სახელმწიფო პოლიტიკური მიზნით იყენებს

პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი გახარია მის შესახებ ბოდბელი მიტროპოლიტის, მეუფე იაკობის სიტყვებს ეხმაურება და ამბობს, რომ სახელმწიფო სასულიერო პირებს პოლიტიკური მიზნით იყენებს.

"ეს არ ხდება პირველად. მეუფემ ეს სამწუხაროდ ადრეც გააკეთა. ჩემთვის ამ ყველაფრის უკან, ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ, სამწუხაროდ, დღეს სასულიერო პირებს სახელმწიფო იყენებს პოლიტიკური მიზნით. პოლიტიკურმა პარტიამ, ფაქტობრივად, მთლიანად სახელმწიფო ინსტიტუტები მოირგო და მათ რესურს იყენებს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ახლა უკვე გადავიდა ეკლესიაზე. ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც სახელმწიფომ ძალიან უხეშად, უპასუხისმგებლოდ გამოიყენა ეკლესია, მისი სახელი, გამოიყენა სასულიერო პირები. შემდგომ მათ ამოეფარა ზურგს უკან და დაიმალა. იგივე ხდება ახლაც. პოლიტიკური მიზნის მისაღწევად კონკრეტული პირები და კონკრეტული პოლიტიკური პარტია დღეს იყენებს ეკლესიას – ეს სწორედ ეს შემთხვევაა". – თქვა გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, მისთვის მიუღებელია, როდესაც სასულიერო პირები პოლიტიკურ პროცესში ერთვებიან და პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებენ.

"მან ბევრი რამე თქვა და კიდევ შეუძლია ბევრი საუბარი გააგრძელოს. ამას ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. ყველა ადამიანი, რომელიც რაღაცას ამბობს იმისთვის, რომ კონკრეტულ პარტიას ერთი დღით მაინც გაუხანგრძლივოს სიცოცხლე, რაც წესით მოქალაქეების გადასაწყვეტია, და ცდილობს, ქართველი ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება იქონიოს ფეიკ ნიუსებით, დეზინფორმაციით, ტყუილით, მოდელირებული რეალობით – მე ეს არ მაინტერესებს. ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. მაშინ გამოდის, რომ მე უნდა დავიწყო მათივე წესებით თამაში და არ ვაპირებ. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც სასულიერო პირები პოლიტიკურ პროცესში ერთვებიან მარტო იმით კი არა, რომ სადღაც რაღაც ღონისძიებებს ესწრებიან, არამედ განცხადებებს და პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებენ". – თქვა გიორგი გახარიამ.

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი სასულიერო პირების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული ჩანაწერების გავრცელებას გიორგი გახარიას უკავშირებს. მეუფე აღნიშნავს, რომ ეს მოვლენები არ უკვირს, რადგან არჩევნები მოახლოვდა და "თუ შევხედავთ, სიტუაციას, უნდა მივხდეთ, რაღაც ძალებს აწყობთ სიტუაციის ასე დაძაბვა". მეუფე იაკობის თქმით, ის წარსულშიც ამბობდა, რომ გიორგი გახარია სასულიერო პირებზე კომპრომატების მოგროვების ბრძანებას გასცემდა.

13 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულმა ფაილებმა, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

კომენტარები