ფარული მოსმენები

მეუფე იაკობი: გახარია შსს-ს მაღალჩინოსნებს მღვდლებზე კომპტრომატების შეგროვებას სთხოვდა

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, სავარაუდოდ, სუს-ის ჩანაწერების გავრცელებას გიორგი გახარიას უკავშირებს. იმედთან ინტერვიუში მეუფე აღნიშნავს, რომ ეს მოვლენები არ უკვირს, რადგან არჩევნები მოახლოვდა და "თუ შევხედავთ, სიტუაციას, უნდა მივხდეთ, რაღაც ძალებს აწყობთ სიტუაციის ასე დაძაბვა".

მეუფე იაკობის თანახმად, ის წარსულშიც ამბობდა, რომ გიორგი გახარია სასულიერო პირებზე კომპრომატების მოგროვების ბრძანებას გასცემდა.

"თქვენ გახსოვთ, რომ მე ადრე გავაკეთე განცხადება, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ბატონი გიორგი გახარია ითხოვდა შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებიდან, მღვდლებზე და სასულიერო პირებზე, ზოგადად შეეგროვებინათ კომპრომატები. [..]  აბსოლუტურად საჯაროდ ვთქვი, დავაფიქსირე და მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი, თუნდაც დღევანდელი ხელისუფლებიდან უარყოფდა მასეთ რამეს. მე ბევრჯერ მქონდა ამ ადამიანთან მიმართებით გამონათქვამები. [..] მე სიმართლეს ვლაპარაკობდი, იმიტომ რომ ვისაც [გიორგი გახარია] ავალებდა, რამდენიმემ მითხრა და თან სხვადასხვა მხრიდან ვამოწმებდი და აბსოლუტურად ასე იყო და შემდეგ მათ სუნთქვას ყველგან ვგრძნობდი. ბრძანება მოდიოდა მაგისგან [გიორგი გახარიასგან], მას კი ვინ აძლევდა ბრძანებას, არ ვიცი, ჩვენი ქვეყნიდან ალბათ არ იყო." – თქვა მეუფე იაკობმა.

ბოდბელი ეპისკოპოსის თქმით, მას დღესაც სჯერა, რომ გიორგი გახარია რუსეთის კაცია.

გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრად 2017 წელს დაინიშნა. 13 სექტემბერს გავრცელებული მასალებში, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მოსმენებით მიღებულ ინფორმაციას ასახავს, უფრო ძველი ჩანაწერებიც მოიპოვება.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

ნოდარ მელაძემ იმავე დღეს თქვა, რომ ფაილებში მისი სატელეფონო მოსმენის შიფრებია, კერძოდ კი საუბარი ბოდბელ ეპისკოპოს იაკობთან, მამა ანდრია სარიასთან და მეუფე ნიკოლოზთან.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა

კომენტარები