ფარული მოსმენები

ლომჯარია: მედიის წარმომადგენლების მიყურადება მიზნად ისახავს მათ დაშინებას

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მთავარი არხის ჟურნალისტების ფარულ მიყურადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცნობილი ხდება მედიის წარმომადგენლების სავარაუდო არაკანონიერი მიყურადება ხდება.

ლომჯარია თქმით, შემაშფოთებელია კრიტიკული მედიასაშუალების წარმომადგენლების შესაძლო უნებართვო მიყურადების და ჩაწერის შესახებ ცნობები, რასაც ნეგატიური გავლენა აქვს ბოლო პერიოდში მედიის თავისუფლების ისედაც გაუარესებულ ხარისხზე.

"ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საყურადღებოა მედიის წარმომადგენლების მიმართ ქვეყანაში შექმნილი საფრთხის შემცველი და მტრული გარემო, ისევე როგორც მაუწყებლის პროგრამების შინაარსის გაუმართლებელი კონტროლი. მედიის წარმომადგენლების მიყურადების პრაქტიკას მსუსხავი ეფექტი აქვს ჟურნალისტების მხრიდან გამოხატვის თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობაზე და მიზნად ისახავს მათ დაშინებასა და მათი საქმიანობის ხელშეშლას. აღნიშნული მავნე პრაქტიკა განსაკუთრებით სახიფათოა საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვის, სადაც წყაროს კონფიდენციალურობის დაცვა დამატებით მნიშვნელობას იძენს. ჟურნალისტებთან კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევამ შესაძლოა, აიძულოს პოტენციური მამხილებელი, თავი შეიკავოს მედიასთან თანამშრომლობისგან, რაც საბოლოოდ, საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი საკითხების საზოგადოებრივი ზედამხედველობის მიღმა დარჩენის საფრთხეს ქმნის". - წერია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სახალხო დამცველი აქტიურად მიადევნებს თვალს მთავარი არხის თანამშრომლების შესაძლო მიყურადების ფაქტზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებულ გამოძიებას და მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურს - მოახდინოს საზოგადოების პერიოდული, პროაქტიული ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

საუბარია 13 ივლისს ტელეწამყვან გიორგი გაჩეჩილაძის [უცნობი] გავრცელებულ "სკანდალურ ჩანაწერზე", რომელიც ასახავს მთავარი არხის გადაცემა პოსტ ფაქტუმის სარედაქციო ჯგუფის საუბარს ერთერთი სიუჟეტის შესახებ. ჩანაწერის ფიგურანტი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ მათი საუბარი უკანონოდ, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაიწერა.

კომენტარები