საპარტნიორო ფონდი

თურნავა საპარტნიორო ფონდზე: რაც სახელმწიფო პოლიტიკას ემსახურება, ბიუჯეტმა უნდა დააფინანსოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მილიარდიანი ზარალის მქონე საპარტნიორო ფონდის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიოში დღეს მსგავსი სუვერენული ფონდების საჭიროება არსებობს.

"საპარტნიორო ფონდი სპეციალური კანონით შექმნილი ორგანიზაცია გახლავთ, ამიტომ სანამ არ მოხდება საბოლოო განხილვა ამ პაკეტის, საბოლოო ფორმაზე საუბარი ნაადრევია.

თუმცა გეტყვით, რომ საჭირობა საპარტნიორო ფონდის და მისი მსგავსი სუვერენული ფონდებისა არსებობს მსოფლიოში, განსაკუთრებით კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე, როდესაც მცირე ბიზნესები, ბიზნესები, ზოგადად, ძალიან რთულ დღეში ჩავარდა და ძირითადი პრობლემა რაც არის სახეზე და რასაც ჩვენ წარმატებით ვუმკლავდებით სხვადასხვა პროგრამით, ეს არის კაპიტალის ნაკლებობა, შემოსავლის და ფულადი გზავნილების ნაკლებობა", - თქვა თურნავამ.

თურნავას მიაჩნია, რომ ბერკეტი, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკას ემსახურება, ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდეს. 

"რაც შეეხება დაფინანსების წყაროს, ბუნებრივია, რომ როდესაც სახელმწიფო-ეკონომიკურ პოლიტიკას ემსახურება ესა თუ ის ბერკეტი, ძირითადად, ის უნდა ფინანსდებოდეს ბიუჯეტიდან, უნდა იყოს ანგარიშვალდებული, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება რეფორმის იქნება კორპორატიზაცია საპარტნიორო ფონდის, ისევე, როგორც ბევრი სხვა სტრატეგიული სახელმწიფო საწარმოსი", - თქვა თურნავამ.

საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მთავრობის გეგმის მიხედვით, სააქციო საზოგადოების, საპარტნიორო ფონდის შესახებ კანონში ცვლილების შეტანაა დაგეგმილი. 

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მილიარდიანი ზარალის მქონე კომპანია დაფინანსებას ბიუჯეტიდან მიიღებს და, სავარაუდოდ, ის სახელმწიფო სუბსიდირებაზე იქნება დამოკიდებული.

საპარტნიორო ფონდი 2011 წელს დაარსდა და ის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია. 2015 წლიდან ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძეა, რომელიც დღემდე ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს წევრია. 

ფონდის ძირითადი საქმიანობა აქტივების მართვა და საინვესტიციო საქმიანობაა. ამჟამად საპარტნიორო ფონდი საქართველოს რკინიგზის და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 100%-იან წილებს ფლობს. 

 

კომენტარები