საპარტნიორო ფონდი

მთავრობა მილიარდიანი ზარალის მქონე საპარტნიორო ფონდის ბიუჯეტიდან დაფინანსებას გეგმავს

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი, დავით საგანელიძე და ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მთავრობის გეგმის მიხედვით, სააქციო საზოგადოების, საპარტნიორო ფონდის შესახებ კანონში ცვლილების შეტანაა დაგეგმილი. 

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მილიარდიანი ზარალის მქონე კომპანია დაფინანსებას ბიუჯეტიდან მიიღებს და, სავარაუდოდ, ის სახელმწიფო სუბსიდირებაზე იქნება დამოკიდებული. 

"კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას". – წერია მთავრობის გეგმაში. 

დოკუმენტის მიხედვით, კანონპროექტის შემუშავება ფონდის რეფორმების აუცილებლობითაა განპირობებული.  

საპარტნიორო ფონდი 2011 წელს დაარსდა და ის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია. 2015 წლიდან ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძეა, რომელიც დღემდე ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს წევრია. 

ფონდის ძირითადი საქმიანობა აქტივების მართვა და საინვესტიციო საქმიანობაა. ამჟამად საპარტნიორო ფონდი საქართველოს რკინიგზის და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 100%-იან წილებს ფლობს. 

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის [IMF] რეკომენდაციით, საპარტნიორო ფონდს აკრძალული აქვს ახალი საინვესტიციო პროექტების წამოწყება.
 

კომენტარები