საპარტნიორო ფონდი

საგანელიძე: საპარტნიორო ფონდის ბიუჯეტიდან დაფინანსების წინააღმდეგი ვარ

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი, დავით საგანელიძე და ბიძინა ივანიშვილი

საპარტნიორო ფონდის დირექტორის, დავით საგანელიძის თქმით, ის ფონდის ბიუჯეტიდან დაფინანსების წინააღმდეგია, რამეთუ ფონდს საკმარისად გააჩნია საქმიანობისთვის საჭირო საკუთარი რესურსები და პოტენციალი.

"ერთ-ერთი ვარიანტია საპარტნიორო ფონდის ბიუჯეტიდან დაფინანსება, თუმცა პირადად მე წინააღმდეგი ვარ ბიუჯეტიდან დაფინანსების, რადგან ფონდს საკმარისად გააჩნია თავისი რესურსები, პოტენციალი, უფრო სწორად, რომ ყველა საქმიანობა განახორციელოს, ოღონდ თუ ფონდი იქნება გადაწყვეტილებების მიმღები იმ მიმართულებებით და იმ თემებში, სადაც მას შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს.

ფონდი დღეს ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს, რომელიც, მე მიმაჩნია, რომ ასეთი ტიპის ფონდის გასაკეთებელი არ არის. იქ, სადაც ფონდს შეუძლია, რომ მიიღოს დივიდენდები თავისი საქმიანობიდან, ბევრ შემთხვევაში, ის აკეთებს სუბსიდიას, რაც ბევრისთვის ნაცნობიც არაა, აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ სუბსიდია უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, ბიუჯეტმა და ფინანასთა სამინისტრომ, ფონდი კი თავის საქმიანობაში უნდა იყოს თავისუფალი და თავისი დივიდენდები უნდა მიიღოს". - თქვა საგანელიძემ.

საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მთავრობის გეგმის მიხედვით, სააქციო საზოგადოების, საპარტნიორო ფონდის შესახებ კანონში ცვლილების შეტანაა დაგეგმილი. 

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მილიარდიანი ზარალის მქონე კომპანია დაფინანსებას ბიუჯეტიდან მიიღებს და, სავარაუდოდ, ის სახელმწიფო სუბსიდირებაზე იქნება დამოკიდებული.

საპარტნიორო ფონდი 2011 წელს დაარსდა და ის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია. 2015 წლიდან ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძეა, რომელიც დღემდე ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს წევრია. 

ფონდის ძირითადი საქმიანობა აქტივების მართვა და საინვესტიციო საქმიანობაა. ამჟამად საპარტნიორო ფონდი საქართველოს რკინიგზის და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 100%-იან წილებს ფლობს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის [IMF] რეკომენდაციით, საპარტნიორო ფონდს აკრძალული აქვს ახალი საინვესტიციო პროექტების წამოწყება. 

კომენტარები