საპარტნიორო ფონდი

საპარტნიორო ფონდმა 2020 წელს 196 მილიონი ლარით იზარალა 

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი, დავით საგანელიძე და ბიძინა ივანიშვილი

საპარტნიორო ფონდის 2020 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, რომელიც აერთიანებს თავად ფონდს და მის შვილობილ კომპანიებს, გასული წელი ფონდმა 196-მილიონიანი ზარალით დაასრულა. 

აღსანიშნავია, რომ 2019 წელთან შედარებით ფონდის ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა გაუარესებული, რადგან 2019 წელი არა ზარალით, არამედ 87-მილიონიანი მოგებით დასრულდა. 

ანგარიშის თანახმად, 2020 წელს ფონდმა, დაახლოებით, 1.5 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 15%-ით მეტია 2019 წლის მონაცემებზე, თუმცა ეს შემოსავალი არ აღმოჩნდა საკმარისი ხარჯების დასაფარად და, შესაბამისად, წლიური ანგარიშგების მოგებით დასასრულებლად. 

საპარტნიორო ფონდი 2011 წელს დაარსდა და ის ქვეყნის უმსხვილესი სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია. 2015 წლიდან მისი აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძეა, რომელიც დღემდე ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს წევრია.

ფონდის ძირითადი საქმიანობა აქტივების მართვა და საინვესტიციო საქმიანობაა. ამჟამად საპარტნიორო ფონდი საქართველოს რკინიგზის და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 100%-იან წილებს ფლობს.

საქართველოს მთავრობა საპარტნიორო ფონდის რეფორმას გეგმავს. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მილიარდიანი ზარალის მქონე კომპანია დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს და, სავარაუდოდ, ის სუბსიდირებაზე იქნება დამოკიდებული.

"კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას". – წერია მთავრობის გეგმაში.

რეფორმის პირველი ეტაპი ფონდის რებრენდინგს ითვალისწინებს. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, საპარტნიორო ფონდს ახალი სახელი, საქართველოს განვითარების ფონდი დაერქმევა. 

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის [IMF] რეკომენდაციით, საპარტნიორო ფონდს აკრძალული აქვს ახალი საინვესტიციო პროექტების წამოწყება.
 

კომენტარები