5 ივლისის ძალადობა

ნონიაშვილი: ყველა, ვინც 5 ივლისს ძალადობრივ ქმედებებში იყო ჩართული, უნდა დაისაჯოს

ევროპული საქართველოს წევრი გიორგი ნონიაშვილი, სახალხო დამცველს ეხმაურება, რომელმაც პუტინისტური მედიის, ალტ-ინფოს დამფუძნებლის ზურაბ მახარაძისა და სასულიერო პირის - სპირიდონ ცქიფურიშვილის დასჯის მოთხოვნით პროკურატურას ოფიციალურად მიმართა. საქმე ეხება 5 ივლისის ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ძალადობრივი ქმედებების საჯაროდ მოწოდების ფაქტებს. 

ნონიაშვილის შეფასებით, ომბუდსმენის განცხადება აბსოლუტურად სწორია და პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა ის ადამიანი, ვინც 5 ივლისს ან მას შემდეგ ძალადობრივ ქმედებებში იყო ჩართული.  

"ომბუდსმენის განცხადება აბსოლიტურად სწორია და დავამატებ ერთს, რომ არამარტო მახარაძე და ცქიფურიშვილი, არამედ ყველა ის ადამიანი, ვინც ძალადობრივ ქმედებაში 5 ივლისს ან მას შემდეგ იყო ჩართული, ყველა ადამიანი პასუხისგებაში უნდა მიეცეს. ეს არის სახელმწიფოს არსი, რომ დანაშაულზე რეაგირება უნდა ხდებოდეს და სახელმწიფო თვალს არ უნდა ხუჭავდეს, არ ახალისებდეს ამავდროულად, რასაც ახლა სჩადის სამწუხაროდ საქართველოს მთავრობა და პრემიერმინისტრი, როცა პირდაპირ საკუთარი რიტორიკით ახალისებს ძალადობასა და ადამიანების დაპირისპირებას". - ამბობს ნონიაშვილი. 


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე.

კომენტარები