5 ივლისის ძალადობა

ზურაბ მახარაძისა და სპირიდონ ცქიფურიშვილის დასჯის მოთხოვნით ლომჯარიამ პროკურატურას მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პუტინისტური მედიის, ალტ-ინფოს დამფუძნებლის ზურაბ მახარაძისა და სასულიერო პირის - სპირიდონ ცქიფურიშვილის დასჯის მოთხოვნით პროკურატურას ოფიციალურად მიმართა.

საქმე ეხება 5 ივლისის ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ძალადობრივი ქმედებების საჯაროდ მოწოდების ფაქტებს. 

"საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეო მასალები და ჩვენ მივიჩნევთ, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები აღწევს დასაბუთებული ვარაუდის, ანუ ბრალის წარდგენის სტანდარტს, რათა ორი პირის მიმართ დაწყებული იქნას სისხლის სამართლებრივი დევნა, ერთის შემთხვევაში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხოლო მეორე შემთხვევაში - ძალადობრივი ქმედების საჯაროდ მოწოდების ფაქტზე". - ამბობს ლომჯარია. 

მისივე თქმით, საჯაროდ გავრცელებული ვიდეო მასალები ადასტურებს, რომ ზურაბ მახარაძე 5 ივლისამდე განუწყვეტლივ აანონსებდა ძალადობას პრაიდის ღონისძიებაში მონაწილე პირების მიმართ, 5 ივლისს კი ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა ძალადობას. 

"დევნის დაწყების წინადადებას საფუძვლად დაედო საჯაროდ გავრცელებული ვიდეომასალები, რომლითაც დასტურდება, რომ 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებამდე, ალტ-ინფოს ეთერით ზურაბ მახარაძე და სხვა პირები განუწყვეტლივ აანონსებდნენ ძალადობას თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილე პირთა მიმართ. ძალადობრივი მოწოდებები მისი მხრიდან ასევე ისმოდა ჟურნალისტთა მისამართითაც. ამავე პირებმა სატელევიზიო ეთერით გაავრცელეს ინფორმაცია, ჯგუფების შექმნის შესახებ, რომელთა პირდაპირი დანიშნულება იქნებოდა 5 ივლისს ძალადობა. 

სახალხო დამცველის წინადადებაში დასაბუთებულია, რომ 5 ივლისამდე ზურაბ მახარაძე არამარტო აანონსებდა ძალადობას, არამედ 5 ივლისს, იგი უშუალოდ ხელმძღვანელობდა ჯგუფურ ძალადობას, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოს წინ დადგმული საპროტესტო კარვების გატანას და სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისების დარბევის მიზნით სხვადასხვა ჯგუფების გამოყოფას". - ამბობს ლომჯარია. 

რაც შეეხება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელს, სპირიდონ ცქიფურიშვილს, სახალხო დამცველის თქმით, მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული და მოქალაქეებს ძალადობისკენ მიკროფონით მოუწოდა. 

"სახალხო დამცველმა კიდევ ერთი წინადადებით მიმართა პროკურატურას და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტზე, სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვა. დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დადგინდა, რომ 5 ივლისს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა, მიკროფონით მოუწოდა მოქალაქეებს ძალადობისკენ, რითიც იმ მიმართებაში გაცდა ის გამოხატვის თავისუფლებას და ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით აკრძალული ქმედება - ძალადობისკენ მოწოდება, რომელიც ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს". - ამბობს ლომჯარია. 


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე.

კომენტარები