ავღანეთი

თალიბანი აცხადებს, რომ პანჯშირის პროვინციის დედაქალაქში შედიან

თალიბანის კოლონა

თალიბანის ერთ-ერთმა სპიკერმა, ბილალ კარიმიმ სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ თალიბებმა პანჯშირის პროვინციული ცენტრები და პოლიციის შტაბბინები დაიკავეს და ახლა დედაქალაქში, ბაზარაკში შედიან.

როგორც თალიბანის წარმომაგდენლები ამბობენ, წინააღმდეგობის ბევრი წევრი მოკლეს, ბევრიც დაჭრილია. ასევე, ხელში ჩაიგდეს იარაღები და საბრძოლო ტექნიკა. 

ამ დროისთვის ინფორმაციას მხოლოდ თალიბანის წყაროები ადასტურებენ. 

დღეს, 5 სექტემბერს, ამ ინფორმაციის გავრცელებამდე ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ფაჰიმ დაშთიმ თქვა, რომ თალიბანის "პროპაგანდის მანქანა" ბოლო დღეებში ცრუ ინფორმაციებს სპეციალურად ავრცელებდა.

"წინააღმდეგობის ძალები მზად არიან თავის დაცვა განაგრძონ ნებისმიერი აგრესიის წინააღმდეგ" – თქვა დაშთიმ.

თალიბანმა ინფორმაცია, რომ პანჯშირზე კონტროლი სრულად მოიპოვა, გასულ დღეებშიც გაავრცელა, თუმცა ეს სიცრუე გამოდგა. ორივე მხარე საუბრობს მოწინააღმდეგის დიდ დანაკარგებზე. 


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

ვითარება გართულდა 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-სა და თალიბანის საერთო მტერმა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები