ქალთა უფლებები ავღანეთში

ზურაბიშვილი ავღანეთში ქალთა უფლებების დაცვაზე ქალი ლიდერების ერთობლივ მოწოდებას შეუერთდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა ქალ ლიდერთა ერთობლივ მოწოდებას ავღანეთში ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვისა და გაძლიერების შესახებ. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინსიტრაცია ავრცელებს.

მოწოდება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი შეუერთდა სლოვაკეთის პრეზიდენტის, ზუზანა ჩაპუტოვასა და ისლანდიის პრემიერმინისტრის, კატრინ იაკობსდოტირის ინიციატივაა.

"ჩვენ, ლიდერ ქალებს, გვინდა დავარწმუნოთ ავღანელი ქალები და გოგონები, რომ ყურადღებით დავაკვირდებით მათ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და გავაგრძელებთ მათი უფლებებისა და შესაძლებლობების მხარდაჭერას". - ნათქვამია ქალი ლიდერების მოწოდებაში, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, დიდი ყურადღება გაამახვილონ იმ ადამიანების მდგომარეობასა და უფლებებზე, ვინც ამჟამად ავღანეთში ყველაზე დაუცველია. 

მოწოდებას შეუერთდა დანიის პრემიერმინისტრი მეტე ფრედერიქსენი, ესტონეთის პრემიერმინისტი კაია კალასი, ფინეთის პრემიერმინისტრი სანა მარინი, საბერძნეთის პრეზიდენტი ეკატერინი საკელაროპულუ, ლიეტუვის პრემიერმინისტრი ინგრიდა შიმონიტე, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ, ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრი ჯასინდა არდენი და ნორვეგიის პრემიერმინისტრი ერნა სოლბერგი.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

ვითარება გართულდა 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-სა და თალიბანის საერთო მტერმა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები