კორონავირუსის ვაქცინა

ქართველ ექიმთა ასოციაცია: დღეს გამოყენებული კოვიდ-ვაქცინები არ იწვევენ ADE რეაქციას

ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია 27 აგვისტოს, ინფექციონისტისა და ასოციაციის წევრის, გიორგი კანდელაკის გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება, სადაც იგი ვაქცინასთან ასოცირებული დაავადების გაძლიერების ფენომენზე (ADE) საუბრობდა. 

კანდელაკის თქმით, ფენომენმა ზოგიერთი ვაქცინის წარუმატებლობა განაპირობა, მაგალითად სინციტიური ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისა და თავის დროზე SARS-ის და  MERS-ის ვაქცინების შემთხვევები. 

ასოციაცია განცხადებას ფეისბუქ გვერდის საშუალებით აქვეყნებს:

ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია დაარსების დღიდან ინტენსიურად ჩართულია პანდემიის მართვაში, რაც, გარდა თითოეული წევრის ინდივიდუალური პროფესიული და აკადემიური აქტივობისა, საზოგადოებისა და ექიმების ინფორმაციულ მხარდაჭერასა და უწყვეტ საგანმანათლებლო აქტივობაში გამოიხატება.

გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ასოციაციის მიერ ვაქცინაციის მხარდამჭერი კამპანია დაიწყო ბევრად ადრე, ვიდრე ოფიციალური ინსტიტუციების, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე ჩატარდა ვაქცინაციის მხარდამჭერი არაერთი ვებინარი, საჯარო დისკუსია და აქცია.

ასოციაცია პატივს სცემს თითოეული წევრის განსხვავებულ მოსაზრებას და აქვე განმარტავს, რომ მმართველი საბჭოს უმრავლესობის ერთიანი, შეთანხმებული პოზიცია გამოიხატება შემდეგში:

პანდემიის დასრულების ერთადერთი, სწორი და მეცნიერულად გამართლებული გზა საყოველთაო ვაქცინაცია და მოსახლეობის იმუნური პასუხის სწრაფი სინქრონიზაციაა;

დღეს არსებული ავტორიზებული ვაქცინები უსაფრთხოა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებელი დრამატულად აღემატება ნებისმიერ თეორიულ, შორეულ, პოტენციურ ზიანს.

არსებობდა გარკვეული მოსაზრება ვაქცინების მოსალოდნელ არასასურველ ეფექტთა საფრთხეებზე, რაც დღეს ადმინისტრირებული 5 მილიარდზე მეტი ვაქცინის და ფართომასშტაბიანი კვლევის საფუძველზე სრულიად ნიველირდა და ყველა კითხვას ამ მიმართულებით გაეცა მეცნიერულად დასაბუთებული, მყარი პასუხი;

ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევების, ასევე თეორიული ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ დღეს გამოყენებული კოვიდ-ვაქცინები არ იწვევენ ADE (ანტისხეულებით განპირობებულ დაავადების გაძლიერების) რეაქციას.

ასოციაცია ემხრობა თვითგამოხატვის უფლების შენარჩუნებას და, ამავდროულად, გამოთქვამს ნებას და სურვილს, სამეცნიერო- პრაქტიკული დისკუსიები წარიმართოს პროფესიულ წრეებში, რათა შინაარსისა და მიზნის შესაძლო არასწორი აღქმით, საფრთხე არ შეექმნას ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს და უფრო მეტად არ დაზიანდეს ისედაც მრავალი მიზეზით განპირობებული მძიმე ეპიდვითარება.

გუშინ, 27 აგვისტოს, ინფექციონისტმა, გიორგი კანდელაკმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც საუბრობდა ვაქცინასთან ასოცირებული დაავადების გაძლიერების ფენომენზე (ADE), რამაც ზოგი ვაქცინის წარუმატებლობა განაპირობა, მაგალითად მოჰყავს სინციტიური ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის და თავის დროზე SARS-ის და  MERS-ის ვაქცინების შემთხვევები.

ანტისხეულებზე დამოკიდებული იმუნური პასუხის აქტივაცია ხდება მაშინ, როდესაც ინფექციის შეხვედრისას, არსებულმა ანტისხეულებმა შეიძლება, პირიქით, ეს ინფექციური პროცესი კიდევ უფრო გააძლიეროს. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებში მსგავსი ფენომენი არ დაფიქსირებულა.

კომენტარები