კორონავირუსის ვაქცინა

გეგეჭკორი: ADE თეორია პრაქტიკაში რომ გვენახა, ვირუსით დაღუპულთა უმეტესობა აცრილი იქნებოდა

ბრუკლინის Maimonides Medical Center-ის ექიმი ნანა გეგეჭკორი 27 აგვისტოს, ინფექციონისტი გიორგი კანდელაკის გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება, სადაც იგი ვაქცინასთან ასოცირებული დაავადების გაძლიერების ფენომენზე (ADE) საუბრობდა. 

კანდელაკის თქმით, ფენომენმა ზოგიერთი ვაქცინის წარუმატებლობა განაპირობა, მაგალითად სინციტიური ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისა და თავის დროზე SARS-ის და  MERS-ის ვაქცინების შემთხვევები. 

ნანა გეგეჭკორი გავრცელებულ მოსაზრებას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება:

მეცნიერულ მტკიცებულებებში რომ არ გაგხლართოთ, მარტივად ვიტყვი...

გუშინ გავრცელებული თეორია რეალურ პრაქტიკაში რომ გვენახა, კოვიდით ჰოსპიტალიზებულთა და გარდაცვლილთა უდიდესი ნაწილი აცრილი უნდა ყოფილიყო. მთელ დედამიწაზე უკვე რამდენიმე მილიარდი დოზაა გამოყენებული და არცერთი, ვიმეორებ, არცერთი დადასტურებული შემთხვევა ვაქცინით გამოწვეული დაავადებისა არ დაფიქსირებულა. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმის, რომ თეორიული ეჭვი, რაც ერთი წლის წინანდელ სტატიაში იყო გამოთქმული, პრაქტიკულად არ დადასტურებულა. მეტიც, ეს ეჭვი კოვიდ-ვაქცინების კვლევების პირველ და მეორე ფაზაშივე გამოირიცხა.

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა იმუნოლოგიური რეაქციების თვალსაზრისით და ამის კლინიკური დადასტურებაა უსაფრთხოდ, სრულად აცრილი ასეულობით მილიონი ადამიანი.

წინა სტატუსში მოვიყვანე დეტალები და არ გავიმეორებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ამერიკაში დღეს ჰოსპიტალიზებული პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა აუცრელია. გვაქვს აცრილების ინფიცირების შემთხვევები და აბსოლუტურ უმრავლესობაში კოვიდი სრულად უსიმპტომოდ ან ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს.

ვაქცინაცია, ნიღაბი, დისტანცია, ჰიგიენა კომბინაციაში არის გადარჩენის საუკეთესო საშუალება ამ რთულ დროში.

გუშინ, 27 აგვისტოს, ინფექციონისტმა, გიორგი კანდელაკმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც საუბრობდა ვაქცინასთან ასოცირებული დაავადების გაძლიერების ფენომენზე (ADE), რამაც ზოგი ვაქცინის წარუმატებლობა განაპირობა, მაგალითად მოჰყავს სინციტიური ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის და თავის დროზე SARS-ის და  MERS-ის ვაქცინების შემთხვევები.

ანტისხეულებზე დამოკიდებული იმუნური პასუხის აქტივაცია ხდება მაშინ, როდესაც ინფექციის შეხვედრისას, არსებულმა ანტისხეულებმა შეიძლება, პირიქით, ეს ინფექციური პროცესი კიდევ უფრო გააძლიეროს. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებში მსგავსი ფენომენი არ დაფიქსირებულა.

კომენტარები