ვაქცინა

მარშანია: სამეცნიერო წრეებში აღარავინ საუბრობს ADE-ს მაღალ რისკებზე COVID-19-ის ვაქცინებში

Facebook / არჩილ მარშანია

"ძალიან ბევრი დრო და ხუთ მილიარდზე მეტი დოზა ვაქცინა გავიდა და, შესაბამისად, დღეს ADE-ს (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება) მაღალ რისკებზე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებში, სერიოზულად, მითუმეტეს მტკიცებით ფორმაში, აღარავინ სამეცნიერო მაღალ წრეებში აღარ საუბრობს". - ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია  ინფექციონისტ გიორგი კანდელაკს გამოეხმაურა და დაწერა, რომ საშიში შტამები არ წარმოქმნილა იქ, სადაც ვაქცინაცია სწრაფი და მოცულობითი იყო, არამედ გაჩნდა იქ, სადაც ვირუსი სწრაფად და ჯოგური იმუნიტეტის სტილში გავრცელდა. გარდა ამისა, მარშანია კიდევ რამდენიმე არგუმენტს ასახელებს:

"მოდი მაინც ჩამოვთვალოთ და ვთქვათ, რატომ არ არის ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება) კორონავირუსების ან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებისთვის მაღალი რისკის შემცველი საფრთხე:

  •  პრეკლინიკურ კვლევებში (ცხოველებში) ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;
  • კლინიკურ კვლევებში ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;
  • პოსტკლინიკურ დაკვირვებაში ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;
  • მანეიტრალიზებელი ანტისხეულების ტიტრი შესწავლილია და ამის მიხედვით დგება ვაქცინის დოზების განსაზღვრა, დამატებითი დოზები აჩვენებს, რომ ზრდის მანეიტრალიზებელი ანტისხეულების რაოდენობას და ამ დროს ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;
  •  ვაქცინა არის ეფექტიანი. არავაქცინირებულთან შედარებით საშუალოდ 90% მეტი შანსი აქვს ვაქცინირებულს, რომ გადარჩეს და არ განუვითარდეს მძიმე გართულება, ანუ ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;
  •  განვითარებულ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა აცრილია, სტატისტიკა აჩვენებს, რომ სიკვდილიანობა მცირდება, ანუ აცრილებში დაავადება უფრო მწვავედ არ მიმდინარეობს, ანუ ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;
  • ერთი ტიპის (ადამიანის კორონავირუსის ყველაზე* გავრცელებული 4 ტიპი არსებობს) კორონავირუსის გადატანის შემთხვევაში, მეორე (სხვა) ტიპის კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;
  •  ვაქცინა გართულებების პრევენციის კუთხით რჩება მაღალეფექტური ახალწარმოქმნილი შტამების წინააღმდეგაც, ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;
  •  როდესაც უკვე ინფიცირებული ადამიანს მკურნალობისას აწვდიან მზა ანტისხეულებს (კონვალესცენტ პლაზმა), ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს". - წერს მარშანია.

რაც შეეხება უშუალოდ თეორიას, მარშანია წერს, რომ ამ კუთხით ყველაფრის დაშვება შეიძლება, მათ შორის იმისაც, რომ ტკივილგამაყუჩებლის მიღების გამო სტივენ ჯონსონის სინდრომი განვითარდეს, ან იმის, რომ მთვარეზე ვარდისფერთავიანი ბეჰემოთი ცხოვრობს რომელიც მაღალტოქსიკურ გაზებს უშვებს.

"და თუ ეს ყველაფერი უკუღმა გვინდა გავიგოთ, ალბათობას და ფაქტებს არაფრად ვაგდებთ და მხოლოდ თეორიებით გვსურს ვიხელმძღვანელოთ, ოკ, რა პრობლემაა, მაშინ:  თავი რომ აგვტკივდება გამაყუჩებელს ნუ მივიღებთ; ქუჩაშიც ნურასდროს გავალთ, ტაფა რომ არ დაგვეცეს თავში; და საერთოდაც ღამეები ნუღარ დავიძინებთ მშვიდად, რა დროს ძილია, ემანდ იმ ვარდისფერთავიანმა ბეგემოტმა არ გვაპკუროს მაღალტოქსიკური გაზები მთვარიდან. რა იცით, რა ხდება, ეშმაკს არ სძინავს! ჯანმრთელობას გისურვებთ". - წერს მარშანია

იქამდე, გიორგი კანდელაკს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვიც გამოეხმაურა და დაწერა, რომ  ვაქცინის კლინიკური კვლევის ფაზები აუცილებლად ითვალისწინებს ADE-ს კვლევასაც, რაც ნიშნავს ანტისხეულზე დამოკიდებული იმუნური პასუხის აქტივაციას. კვლევების შედეგად, კორონავირუსის საწინააღმდეგო არცერთ ვაქცინაში მსგავსი იმუნური პასუხი არ დაფიქსირებულა.

გუშინ, 27 აგვისტოს, ინფექციონისტმა, გიორგი კანდელაკმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც საუბრობდა ვაქცინასთან ასოცირებული დაავადების გაძლიერების ფენომენზე (ADE), რამაც ზოგი ვაქცინის წარუმატებლობა განაპირობა, მაგალითად მოჰყავს სინციტიური ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის და თავის დროზე SARS-ის და  MERS-ის ვაქცინების შემთხვევები.

ანტისხეულებზე დამოკიდებული იმუნური პასუხის აქტივაცია ხდება მაშინ, როდესაც ინფექციის შეხვედრისას, არსებულმა ანტისხეულებმა შეიძლება, პირიქით, ეს ინფექციური პროცესი კიდევ უფრო გააძლიეროს. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებში მსგავსი ფენომენი არ დაფიქსირებულა

კომენტარები