კორონავირუსის ვაქცინა

რამდენ ხანს გასტანს კორონავირუსის ვაქცინით მიღებული იმუნიტეტი

კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებული კითხვებიდან, უსაფრთხოების თემის შემდეგ, ყველაზე აქტუალური მათი ეფექტიანობა და გამომუშავებული იმუნიტეტის ხანგრძლივობაა. 

თუმცა, ამ კითხვაზე დადასტურებული პასუხი არ არსებობს. აცრით გამომუშავებული იმუნიტეტი, შესაძლოა, დეკადების მანძილზე გაჰყვეს პაციენტს ან სულ რამდენიმე თვის განმავლობაში. ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციის მიღება და დამუშავება მიმდინარე პროცესია, რომელიც იმუნიზაციის ტემპის ზრდასთან ერთად იხვეწება. რაც უფრო მეტხანს გასტანს ვაქცინაციის პროცესი და რაც უფრო დიდი იქნება მოცვა, მით უფრო კონკრეტულად შეგვეძლება იმის თქმა, თუ რამდენ ხანს იცავს ვაქცინა პაციენტს. 

ამ მომენტისთვის, მხოლოდ სპეკულაციური მოსაზრებები არსებობს. მაგალითად, ფაიზერ-ბიონტექის აღმასრულებელი დირექტორის მიხედვით, ორივე დოზის მიღების შემდეგ იმუნიტეტი დაახლოებით 1 წლის განმავლობაში გაგვყვება, შემდეგ კი შესუსტებას დაიწყებს. მეორე მხრივ, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია ამ კითხვაზე პასუხის გაცემას თავს არიდებს და აცხადებს, რომ საუბარი ნაადრევია.

მიუხედავად ბუნდოვანებისა, ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს. კერძოდ, მომაკვდინებელი ვირუსები – MERS და SARS – კოვიდ-19-თან ახლო კავშირში არიან, ორივე მათგანის წინააღმდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი კი, კვლევების მიხედვით, საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა. 

არსებული ვაქცინებიდან, ფაიზერისა და მოდერნას მწარმოებლების მიხედვით, მათი ვაქცინების ორივე დოზის მიღების შემდეგ პაციენტი, სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში იქნება იმუნიზირებული, თუმცა უფრო ზუსტი ინფორმაციის მიღებას დრო დასჭირდება. 

არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კორონავირუსის ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრა შეუძლებელი იქნება და ვირუსი დროთა განმავლობაში სეზონური გრიპის სახეს მიიღებს. შესაბამისად, იმუნიტეტის გააქტიურებისთვის, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, შესაძლოა, განმეორებადი აცრების ჩატარება გახდეს საჭირო. ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ კორონავირუსის ახალი მუტაციების რაოდენობა სწრაფად იზრდება. 

მიუხედავად არასრული ინფორმაციისა, უნდა გვესმოდეს, რომ ვაქცინაცია ვირუსთან გამკლავების ერთადერთი გზაა, თუნდაც გამომუშავებული იმუნიტეტი მხოლოდ კონკრეტული დროის განმავლობაში იყოს აქტიური. ვაქცინაციის მთავარი დანიშნულება ინფექციის გართულებისგან დაცვაა, რაც ჰოსპიტალიზებისა და, უკიდურეს შემთხვევებში, გარდაცვალებისგან დაცვას გულისხმობს. აცრილ ადამიანს, შესაძლოა, ვირუსი მაინც შეეყაროს, მაგრამ დაავადება სუსტი, უბრალო გაციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით განვითარდეს. ამ მიზანს ყველა ავტორიზებული ვაქცინა 100%-იანი ეფექტიანობით ასრულებს: არცერთი მათგანის კლინიკური ცდების დროს არ დაფიქსირებულა არათუ გარდაცვალების, არამედ ჰოსპიტალიზების შემთხვევაც კი. 

 

კომენტარები