ავღანეთი

თალიბანის სპიკერი: 9/11 ტერაქტზე ბინ ლადენის პასუხისმგებლობის მტკიცებულება არ არსებობს

ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდი და ოსამა ბინ ლადენი
New York Post  

თალიბანის სპიკერის, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდის თქმით, 11 სექტემბრის ტერაქტებსა და ალ-კაიდას ყოფილ ლიდერ ოსამა ბინ ლადენს შორის კავშირების შესახებ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. 

"ომის დაწყებიდან ოცი წლის შემდეგაც კი, მტკიცებულებები არ მოიპოვება. როდესაც ოსამა ბინ ლადენი ამერიკელების პრობლემა გახდა, ის ავღანეთში იმყოფებოდა. თუმცა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ის 11 სექტემბრის ტერაქტებში იყო ჩართული". – თქვა მუჯაჰიდმა. 

თალიბანის სპიკერი აშშ-ს ომის უმიზეზოდ წამოწყებაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ ბინ ლადენი მხოლოდ საბაბი იყო. 

"ამ ომის გამართლება არ არსებობდა, ამერიკელებმა ბინ ლადენი ომის დაწყების საბაბად გამოიყენეს". 

აღსანიშნავია, რომ 11 სექტემბრის ტერაქტებზე ალ-კაიდასა და ბინ ლადენის ჩართულობას არა მარტო მთელი მსოფლიო, არამედ თავად ბინ ლადენიც კი აღიარებდა, რომელმაც 2004 წელს ტერაქტზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად საკუთარ თავზე აიღო. 

2021 წლის გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ანგარიშის თანახმად, ავღანეთის 34 პროვინციიდან 15-ში შეიმჩნეოდა ალ-კაიდას წევრების აქტივობა. თალიბანსა და ალ-კაიდას შორის კავშირები კი მყარდებოდა. სავარაუდოდ, მუჯაჰიდის განცხადებაც ამ ფაქტს უკავშირდება. 


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები