ტურიზმი

ქვრივიშვილი: Wizzair-თან რეისების დამატება განვიხილეთ, ვფიქრობ, წელს ვიხილავთ ახალ მიმართულებებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი უნგრული ავიაკომპანია Wizzair-ის ტოპ მენეჯმენტს შეხვდა. ავიაკომპანიის წარმომადგენლები საქართველოში ქართული მხარის მოწვევით ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან.

"გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, რა დროსაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ახალი რეისების დამატება განვიხილეთ. ვფიქრობ, მოლაპარაკებების საფუძველზე უკვე მიმდინარე წელს ვიხილავთ ახალ მიმართულებებს ქუთაისის აეროპორტში, რასაც ძალიან პოზიტიური ზეგავლენა ექნება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის დინამიკის ზრდაზე და, რაღა თქმა უნდა, ავიაციის სექტორის გაძლიერებაზე“. - თქვა ქვრივიშვილმა.

Wizzair-ს საქართველოში ფრენები წელიწადზე მეტხანს ჰქონდა შეწყვეტილი. მაშინ, როცა ქვეყანა "მწვანე ზონაში" იყო, ავიაკომპანიას საქართველოს მთავრობა არ აძლევდა ფრენის უფლებას და აცხადებდა, რომ ქვეყანა ამისთვის მზად არ იყო. ამის გამო, ავიაკომპანიამ ქვეყანაში ბაზა დროებით დახურა.

საქართველოს ხელისუფლებამ ცა მაშინ დაკეტა, როცა, ჯამში, კორონავირუსის 48 შემთხვევა იყო გამოვლენილი. 2019 წლის აგვისტომდე რეგულარული ფრენები არ აღდგენილა, მაშინ, როცა ევროპის ყველა ქვეყანამ საზღვრები გახსნა. აგვისტოში საქართველომ ევროპის მხოლოდ სამ ქალაქში დანიშნა რეგულარული ფრენა, ჯამში, თვეში დაახლოებით 20 რეისი. სულ თვეში 50-60 ფრენა სრულდებოდა, რასაც მმართველი გუნდი "გახსნილ საზღვრებს" უწოდებდა. აღსანიშნავია, რომ გერმანიის, საფრანგეთისა და ბალტიის ქვეყნების მოქალაქეებისა და მუდმივი რეზიდენტების გარდა, საქართველოში შემოსული მგზავრი სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გადიოდა.

საქართველო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის ფრენის უფლების მისაცემად მზად მხოლოდ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ქვეყანაში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 1 000-ს გადააჭარბა, ხოლო იმ ქვეყნებმა, სადაც საქართველოს მოქალაქეს უპირობოდ შეეძლო შესვლა, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, "არააუცილებელი მიზნით" მოგზაურ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტა.

ავიაკომპანია Wizzair-მა ქუთაისი-რიგის რეისები 2019 წლის ოქტომბერში რამდენიმე კვირით განაახლა, ხოლო დორტმუნდის მიმართულებით, მხოლოდ 3 რეისი შეასრულა საახალწლო პერიოდში.

Wizzair-მა საქართველოში ფრენები 2021 წლის 18 აპრილს განაახლა - ვარშავის და ვილნიუსის მიმართულებით, მაისიდან - რიგის, დორტმუნდის, კატოვიცეს და გდანსკის რეისები დაემატა, ივნისიდან კი - ვროცლავი და ბუდაპეშტი. 1-ელი ივლისიდან ქუთაისის აეროპორტში Wizzair-ბაზა დაბრუნდა და ფრენები განახლდა კიდევ ექვსი მიმართულებით - მილანი, ათენი, პრაღა, სალონიკი, ლარნაკა, მემინგენი.

რაც შეეხება Ryanair-ს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მას ნოემბრიდან მილანის მიმართულებით ფრენის უფლება მისცა, ავიაკომპანიას რეისები არ განუახლებია. მეტიც, რამდენიმე თვეა, ავიაკომპანიის ბაზაში საქართველოს მიმართულებით არც ერთი რეისი არ იძებნება. თბილისი-მილანი, თბილისი-კიოლნი, ქუთაისი-ბოლონია და ქუთაისი-მარსელი - ამ ფრენებს ასრულებდა Ryanair-ი პანდემიამდე. ტაბულას ავიაკომპანიაში დაუდასტურეს, რომ კომერციული მიზეზების გამო, 2021 წელს საქართველოში ფრენებს არ განაახლებენ.

კომენტარები