ტურიზმი

1-ელი ივლისიდან ქუთაისში Wizzair-ის ბაზა ბრუნდება, დაემატება კიდევ 6 მიმართულება

პირველი ივლისიდან დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს. საქართველოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები კიდევ ექვსი მიმართულებით შესრულდება - მილანი, პრაღა, ათენი, სალონიკი, ლარნაკა, მემინგენი.

"ტურისტული სეზონის გახსნასთან ერთად, ძალიან სასიხარულო ამბავი გვაქვს - „ვიზეარის“ ბაზა  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა და ივლისიდან ფრენებს ექვსი ევროპული ქალაქის მიმართულებით შეასრულებს, თუმცა უახლოეს თვეებში  გააფართოებს მიმართულებებსა და სიხშირეებს და ვფიქრობ, მალე დაუბრუნდება ძველ ნიშნულს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ. 

პირველ ეტაპზე, ეპიდსიტაციიდან და ევროპის ქვეყნებში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, მილანის, პრაღის, ათენის, სალონიკის, ლარნაკასა და მემინგენის მიმართულებით ქუთაისიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ერთხელ შესულდება.

ამ ეტაპზე, უნგრული დაბალბიუჯეტიანი კომპანია ქუთაისიდან ვარშავის, რიგის, ვილნიუსის, დორტმუნდის, კატოვიცეს, გდანსკის, ვროცლავის მიმართულებით დაფრინავს.

Wizzair-ს საქართველოში ფრენები წელიწადზე მეტ ხანს ჰქონდა შეწყვეტილი. მაშინ, როცა ქვეყანა მწვანე ზონაში იყო, ავიაკომპანიას საქართველოს მთავრობა არ აძლევდა ფრენის უფლებას და აცხადებდა, რომ ქვეყანა ამისთვის მზად არ იყო. ამის გამო, ავიაკომპანიამ ქვეყანაში ბაზა დროებით დახურა.

საქართველო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის ფრენის უფლების მისაცემად მზად მხოლოდ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ქვეყანაში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 1000-ს გადააჭარბა, ხოლო იმ ქვეყნებმა, სადაც საქართველოს მოქალაქეს უპირობოდ შეეძლო შესვლა, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, "არააუცილებელი მიზნით" მოგზაურ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტა.

ავიაკომპანია Wizzair-მა ქუთაისი-რიგის რეისები ოქტომბერში რამდენიმე კვირით განაახლა, ხოლო დორტმუნდის მიმართულებით, მხოლოდ 3 რეისი შეასრულა საახალწლო პერიოდში.

რაც შეეხება Ryanair-ს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მას ნოემბრიდან მილანის მიმართულებით ფრენის უფლება მისცა, ავიაკომპანიას რეისები არ განუახლებია. მეტიც, რამდენიმე თვეა, ავიაკომპანიის ბაზაში საქართველოს მიმართულებით არც ერთი რეისი არ იძებნება. თბილისი-მილანი, თბილისი-კიოლნი, ქუთაისი-ბოლონია და ქუთაისი-მარსელი - ამ ფრენებს ასრულებდა Ryanair-ი პანდემიამდე. ტაბულას ავიაკომპანიაში დაუდასტურეს, რომ კომერციული მიზეზების გამო, 2021 წელს საქართველოში ფრენებს არ განაახლებენ.

კომენტარები