კორონავირუსი და ტურიზმი

ვარშავა, ათენი, მილანი, ბერლინი - 1 ნოემბრიდან რეგულარული ფრენები 10 მიმართულებით ახლდება

1 ნოემბრიდან რეგულარული ფრენები კიდევ ათი მიმართულებით ახლდება. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში წერია.

მიუნხენის, პარიზის და რიგის გარდა, რეგულარული ფრენები დაინიშნება თბილისიდან დოჰას, ვარშავის, ათენის, ამსტერდამის, ვენის, ბერლინის და მილანის მიმართულებით, ხოლო ქუთაისიდან - კატოვიცეს, დორტმუნდის და ვილნიუსის მიმართულებით. 

1 ნოემბრიდანვე, საქართველოში შემოსული მგზავრები PCR ტესტის წარდგენის სანაცვლოდ სავალდებულო კარანტინს აღარ გაივლიან. ისინი თვითიზოლაციაში უნდა გადავიდნენ.

ბოლო ორი დღეა, საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის 1000-ზე მეტი შემთხვევა დასტურდება. ქვეყანაში საჰაერო ცა მაშინ დაიკეტა, როცა ჯამში 48 შემთხვევა იყო გამოვლენილი. აგვისტომდე რეგულარული ფრენები არ აღდგენილა, მაშინ როცა, ევროპის ყველა ქვეყანამ საზღვრები გახსნა. აგვისტოში საქართველომ მხოლოდ სამ ქალაქში დანიშნა რეგულარული ფრენა - ჯამში თვეში დაახლოებით 20 ფრენა. სულ თვეში 50-60 ფრენა სრულდებოდა, რასაც მმართველი გუნდი "გახსნილ საზღვრებს" უწოდებდა. აღსანიშნავია, რომ გერმანიის, საფრანგეთის და ბალტიის ქვეყნების მოქალაქეების და მუდმივი რეზიდენტების გარდა, საქართველოში შემოსული მგზავრი სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გადიოდა. 

აღსანიშნავია, რომ ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, გერმანია საქართველოს მოქალაქეებს ტურისტული მიზნით აღარ უშვებს. ასევე, სავალდებულო თვითიზოლაციას ითხოვს ლიტვა და ლატვია.

კომენტარები