დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ი 2021 წელს საქართველოში ფრენებს არ აღადგენს. ინფორმაცია ტაბულას ავიაკომპანიაში დაუდასტურეს. Ryanair-ის ცნობით, მიზეზი "კომერციულია".
"ჩვენ მკაცრად ვმუშაობთ Ryanair- ის ქსელის ყველა აეროპორტთან, რათა შევთანხმდეთ საჰაერო მიმოსვლის სწრაფად აღდგენისათვის საჭირო წამახალისებელ სქემებზე". - ნათქვამია წერილში.
Ryanair-ი საქართველოში რამდენიმეწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 2019 წლის ბოლოს შემოვიდა. პირველი ფრენა 2019 წლის 6 ნოემბერს შესრულდა. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ქართულ ბაზარზე მხოლოდ რამდენიმე თვით, 2020 წლის 13 მარტამდე ოპერირებდა. თბილისი-მილანი, ქუთაისი-ბოლონია და ქუთაისი-მარსელი - ამ ფრენებს ასრულებდა Ryanair-ი პანდემიამდე. ხოლო აპრილიდან თბილისი-კიოლნის რეისები უნდა დაეწყო.
საქართველოში ცა მაშინ დაიკეტა, როცა, ჯამში, კორონავირუსის 48 შემთხვევა იყო გამოვლენილი. აგვისტომდე რეგულარული ფრენები არ აღდგენილა, მაშინ, როცა ევროპის ყველა ქვეყანამ საზღვრები გახსნა. აგვისტოში საქართველომ მხოლოდ სამ ქალაქში დანიშნა რეგულარული ფრენა, ჯამში, თვეში დაახლოებით 20 რეისი. სულ თვეში 50-60 ფრენა სრულდებოდა, რასაც მმართველი გუნდი "გახსნილ საზღვრებს" უწოდებდა. აღსანიშნავია, რომ გერმანიის, საფრანგეთის და ბალტიის ქვეყნების მოქალაქეების და მუდმივი რეზიდენტების გარდა, საქართველოში შემოსული მგზავრი სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გადიოდა.
საქართველოს მთავრობა დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს, Wizzair-ს და Ryanair-ს თვეების განმავლობაში არ აძლევდა ფრენის უფლებას და აცხადებდა, რომ ქვეყანა ამისთვის მზად არ იყო.
- თურნავა: Ryanair-ს და Wizzair-ს ჯამში ათზე მეტი ფრენა უნდათ, როცა მზად ვიქნებით, დავუშვებთ
- მთავრობის შეზღუდვებმა გვაიძულა, თქვენი ფრენა გავაუქმოთ - Ryanair-ის წერილი ქართველ მომხმარებლებს
საქართველო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის ფრენის უფლების მისაცემად მზად მხოლოდ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ქვეყანაში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 1000-ს გადააჭარბა, ხოლო იმ ქვეყნებმა, სადაც საქართველოს მოქალაქეს უპირობოდ შეეძლო შესვლა, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, "არააუცილებელი მიზნით" მოგზაურ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ Ryanair-ს ნოემბრიდან მილანის მიმართულებით ფრენის უფლება მისცა, ავიაკომპანიას რეისები არ განუახლებია. მეტიც, რამდენიმე თვეა, ავიაკომპანიის საძიებო ბაზაში საქართველოს მიმართულებით არცერთი რეისი არ იძებნება.