ავღანეთი

თალიბანი ავღანელებს ქაბულის აეროპორტში მისვლას უკრძალავს

თალიბანი ავღანელებს ქაბულის აეროპორტში ქვეყნის დატოვებისთვის მისვლას უკრძალავს. ამის შესახებ დაჯგუფების სპიკერმა, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მან თქვა, რომ აეროპორტში შეკრებილი ავღანელები სახლებში უნდა დაბრუნდნენ და მათი უსაფრთხოება გარანტირებული იქნება. მაგრამ, მისი თქმით, აშშ ხალხს აეროპორტში ეპატიჟებოდა. 

"ვთხოვთ ამერიკელებს, ნუ ახალისებენ ავღანელებს [ქვეყნის] დასატოვებლად... ჩვენ მათი ნიჭი გვჭირდება". – თქვა ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა.

ამჟამად, აეროპორტში მისვლა მხოლოდ სხვა ეროვნების ხალხს შეეძლება. 

ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა ისაუბრა აშშ-ს დატოვების ბოლო ვადაზეც. მისი თქმით, თალიბანს სურს, რომ უცხოელთა ევაკუაცია 31 აგვისტომდე, აშშ-ს გასვლის ბოლო ვადამდე დასრულდეს და ამბობს, რომ ამისთვის საკმარისი დრო აქვთ და ბოლო ვადის გადაწევა შეთანხმების დარღვევა იქნება.

გასულ დღეს აშშ-ს მიერ ავღანეთის დატოვების ბოლო ვადის გადაწევის შესაძლებლობას თალიბანის კიდევ ერთმა სპიკერმა, სუჰაილ შაჰინმა, წითელი ხაზი უწოდა.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები