ავღანეთი

ბუში: ღრმა მწუხარებით ვაკვირდებით ავღანეთში ტრაგიკულ მოვლენებს, გულები დამძიმებული გვაქვს

ჯორჯ და ლორა ბუშები

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და პირველი ლედი ლორა ბუში ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ. განცხადების თანახმად, ისინი ღრმა მწუხარებით ადევნებენ თვალს მოვლენებს და მზად არიან, დახმარება გაუწიონ ავღანელებს. ბუშის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ავღანეთიდან ადამიანების ევაკუაცია ეფექტიანი იქნება და აშშ-მ უარი არ უნდა თქვას დევნილების მიღებაზე.

"ლორა და მე ავღანეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს ღრმა მწუხარებით ვაკვირდებით. გულები დამძიმებული გვაქვს ავღანელი ხალხის გამო, რომლებმაც ამდენი ტანჯვა გადაიტანეს და ამერიკელებისა და NATO-ს მოკავშირეების გამო, რომლებმაც ამდენი გაწირეს". – ნათქვამია განცხადებაში.

ბუშების თქმით, ახლა ყველაზე მეტი საფრთხე იმ ავღანელებს ემუქრება, რომლებიც ქვეყნის პროგრესის წინა ხაზზე იყვნენ. განცხადების თანახმად, აშშ-ს პასუხისმგებლობა აკისრია, აქვს რესურსები და შეუძლია ბიუროკრატიული დაყოვნების გარეშე დევნილებს დაეხმაროს.

"ლორა და მე დარწმუნებულები ვართ, რომ ევაკუაცია იქნება წარმატებული, მასში მონაწილეობას იღებენ აშშ-ს შეიარაღებული ძალების გამორჩეული კაცები და კალები, დიპლომატები და სადაზვერვო საზოგადოება". – ნათქვამია განცხადებაში.

"ასეთ დროს რთულია, დარჩე ოპტიმისტი. ლორა და მე ურყევად არ ვკარგავთ ოპტიმიზმს. ჩვენი ქვეყანასავით, ავღანეთიც ძლიერი და სიცოცხლით სავსე ხალხით არის სავსე. მოსახლეობის თითქმის 65% 25 წელს ქვემოთაა. არჩევანი, რომელსაც ისინი გააკეთებენ შესაძლებლობებისთვის, განათლებისთვის და თავისუფლებისთვის, ავღანეთის მომავალს გადაწყვეტს". – ნათქვამია განცხადებაში.

ავღანეთის ომი ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს 2001 წლის ოქტომბერში დაიწყო. ოპერაციის მიზანი 11 სექტემბრის ტერაქტზე პასუხისმგებელი ძალების განადგურება იყო. ომის საწყის ეტაპზე თალიბანის რეჟიმი სწრაფად დაეცა, თუმცა კონფლიქტი ქვეყანაში 20 წელი გაგრძელდა.

აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. ისლამისტები საამიროს გამოცხადებისა და შარიათის კანონის დაწესებისთვის ემზადებიან. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა. 

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება. 

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ 31 აგვისტოსთვის აშშ-ს ძალები ავღანეთს დატოვებდნენ, რაც ბევრად უფრო ადრე მოხდა.

კომენტარები