დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლები განახლდა, დაიღუპა ერთი სომეხი სამხედრო

სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, 16 აგვისტოს, დილით აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა ნახიჩევანიდან მათი პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. დაახლოებით 09:50-ზე სნაიპერის ტყვიას ემსხვერპლა ერთი სომეხი სამხედრო. 

სომხეთის მხარის ცნობით, სროლა იყო სიუნიქის რეგიონის მიმართულებითაც. სომხეთმა საპასუხო ძალებს მიმართა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, მათ კონტრშეტევას ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო ემსხვერპლა. 

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთი 15 აგვისტოს პროვოკაციის მოწყობასა და ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა. მათი თქმით, 19:00-დან 19:25-მდე სომხური შეიარაღებული ძალები ქალბაჯარის პროვინციის მიმართულებით ისროდნენ. ამას გარდა, სომხურმა დაჯგუფებებმა ცეცხლი გახსნეს მთიან ყარაბაღშიც, ქალაქი შუშის შემოგარენში. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს ნახიჩევანის მიმართულებით ცეცხლის გახსნაშიც ადანაშაულებს. მათი თქმით, აზერბაიჯანის პოზიციებზე სომეხმა სამხედროებმა ცეცხლი 09:30-ზე გახსნეს. 

აზერბაიჯანის მხარის ინფორმაციით, დანაკარგი არ აქვთ.


2020 წლის სომხეთ-აზერბაიჯანის ყარაბაღის კონფლიქტი აზერბაიჯანის გამარჯვებით დასრულდა. აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა ყარაბაღის დიდ ტერიტორიებზე. სამშვიდობო შეთანხმება მხარეებს შორის რუსეთისა და თურქეთის შუამავლობით შედგა. სიტუაცია ორ ქვეყანას შორის კვლავ დაძაბულია.

12 მაისს სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, 250-მა აზერბაიჯანელმა სამხედრომ სომხეთის საზღვარი გადმოკვეთა და სიუნიქის რეგიონში 3.5 კილომეტრის სიღრმეზე შევიდა. სევის ტბის მიდამოებში ერთმანეთისგან მცირე მანძილის დაშორებით იმყოფებიან აზერბაიჯანელი და სომეხი სამხედროები. ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ უმჯობესი იქნებოდა,  ეს პრობლემა მოლაპარაკებების მეშვეობით გადაწყვეტილიყო, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტი იყო.

13 მაისს ნიკოლ ფაშინიანმა ამ ვითარებასთან დაკავშირებით დახმარება სთხოვა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას. ამ ორგანიზაციაში პოსტსაბჭოთა სივრცის რამდენიმე ქვეყანა შედის და მისი მთავარი ოფისი მოსკოვშია. 

14 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის სხვა რეგიონშიც გადაკვეთეს საზღვრები და გეღარქუნიქის თავისუფალ ზონაში რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმეზე შევიდნენ.

სომხეთ-აზერბაიჯანს საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაში დახმარება რუსულმა მხარემ შესთავაზა. "მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმების ფარგლებში, რუსეთის ფედერაციამ [მათ] შესთავაზა საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამუშაოების დაწყებასა და ჩატარებაში დახმარება". – თქვა რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

აღსანიშნავია, რომ 4 მაისს სიუნიქის რეგიონში რუსეთის 102-ე ბაზის ჯარმა ორი სამხედრო ობიექტი დააფუძნა. სიუნიქი ერთმანეთისგან ყოფს აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასა და მისგან მოწყვეტილ ნახიჩევანის რეგიონს.

ასევე, აპრილში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთს ზანგეზურის კორიდორის ძალით გაყვანით დაემუქრა. მისი შექმნის შემთხვევაში ის სიუნიქის რეგიონში გაივლის და ნახიჩევანს დანარჩენ აზერბაიჯანთან დააკავშირებს.

ივნისში სომხეთმა, საქართველოს შუამავლობით, აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების რუკები 15 დატყვევებულ სომეხ სამხედროში გაუცვალა. სამხედროები სამშობლოში საქართველოს გავლით დაბრუნდნენ. 

სომხეთის უკმაყოფილება მოჰყვა აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის გაფორმებულ შუშის დეკლარაციას.

ვითარება მხარეებს შორის კიდევ ერთხელ დაიძაბა ამ წლის ივლისის დასასრულში, როდესაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი გეღარქუნიქისა და ქალბაჯარის საზღვარზე პროვოკაციების მოწყობაში დაადანაშაულეს. 

კომენტარები