დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაში დახმარებას სთავაზობს

სომხეთის სამხედრო ძალების ჯარისკაცი

სიუნიქის რეგიონში არსებული დაძაბულობის ფონზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, მათ სომხეთსა და აზერბაიჯანს საზღვრის დემარკაციაში დახმარება შესთავაზეს. 

"მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმების ფარგლებში, რუსეთის ფედერაციამ [მათ] შესთავაზა საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამუშაოების დაწყებასა და ჩატარებაში დახმარება". – თქვა ლავროვმა. 

მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით შექმნილ სომხურ-აზერბაიჯანულ კომისიას რუსეთი კონსულტაციას გაუწევს.

დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთის მოქმედმა პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანი სომხეთის საზღვრების დარღვევაში დაადანაშაულა და თქვა, რომ 250 აზერბაიჯანელი სამხედრო სიუნიქის რეგიონში რამდენიმე კილომეტრით შევიდა. 

ამჟამად სიუნიქის რეგიონში ზოგიერთ გზას რუსი სამხედროები აკონტროლებენ. 

სომხეთმა სიუნიქის რეგიონში საზღვართან დამატებითი ძალები გაგზავნა. აზერბაიჯანელი სამხედროები კვლავ აქ რჩებიან და მათი თქმით, ატარებენ საზღვრის დაზუსტების სამუშაოებს.

აზერბაიჯანი უარყოფს საზღვრის გადაკვეთის ბრალდებას და ამბობს, რომ მუშაობა საზღვრის მათ მხარეს მიმდინარეობს.

სიუნიქის საზღვრებთან ორივე მხარეს მოუწია დროებითი საბრძოლო პოზიციების დაზუსტება. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს საჭირო იყო საზღვრის დემარკაციისთვის, მას შემდეგ, რაც მთიანი ყარაბაღის ტერიტორიების ნაწილი, რომელიც სიუნიქს ესაზღვრება, ბაქოს კონტროლის ქვეშ მოხდა, 2020 წლის კონფლიქტის შემდეგ. 

17 მაისს სომხეთსა და აზერბაიჯანს საზღვრების დემარკაციის საჭიროებისკენ მოუწოდა აშშ-მაც.


12 მაისს სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, 250-მა აზერბაიჯანელმა სამხედრომ სომხეთის საზღვარი გადმოკვეთა და სიუნიქის რეგიონში 3.5 კილომეტრის სიღრმეზე შევიდა. სევის ტბის მიდამოებში ერთმანეთისგან მცირე მანძილის დაშორებით იმყოფებიან აზერბაიჯანელი და სომეხი სამხედროები. ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ უმჯობესი იქნებოდა,  ეს პრობლემა მოლაპარაკებების მეშვეობით გადაწყვეტილიყო, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტი იყო.

"ჩვენი პრიორიტეტი ამ საკითხის მოლაპარაკებებითა და დიპლომატიური გზებით გადაჭრაა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია". – თქვა ფაშინიანმა.

13 მაისს ნიკოლ ფაშინიანმა ამ ვითარებასთან დაკავშირებით დახმარება სთხოვა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას. ამ ორგანიზაციაში პოსტსაბჭოთა სივრცის რამდენიმე ქვეყანა შედის და მისი მთავარი ოფისი მოსკოვშია. 

14 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის სხვა რეგიონშიც გადაკვეთეს საზღვრები და გეღარქუნიქის თავისუფალ ზონაში რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმეზე შევიდნენ.

ასევე 14 მაისს სიუნიქის რეგიონის მოვლენებთან დაკავშირებით საუბარი შედგა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და სომხეთის პრემიერმინისტრის თანამდებობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანს შორის. ამავე დღეს, ფაშინიანმა პუტინს სამხედრო დახმარების წერილით მიმართა.

აღსანიშნავია, რომ 4 მაისს სიუნიქის რეგიონში რუსეთის 102-ე ბაზის ჯარმა ორი სამხედრო ობიექტი დააფუძნა. სიუნიქი ერთმანეთისგან ყოფს აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასა და მისგან მოწყვეტილ ნახიჩევანის რეგიონს.

 "სიუნიქის რეგიონში რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ორი გამაგრებული პუნქტი დაფუძნდა. ეს არის დამატებითი უსაფრთხოების გარანტია არა მხოლოდ სიუნიქის რეგიონის, არამედ მთელი სომხეთისთვის". – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა. 

ასევე, აპრილში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთს ზანგეზურის კორიდორის ძალით გაყვანით დაემუქრა. მისი შექმნის შემთხვევაში ის სიუნიქის რეგიონში გაივლის და ნახიჩევანს დანარჩენ აზერბაიჯანთან დააკავშირებს.

"ზანგეზურის კორიდორის შექმნა ჩვენს ეროვნულ, ისტორიულ და სამომავლო ინტერესებს სრულად უპასუხებს. ჩვენ შევქმნით ზანგეზურის კორიდორს, სურს ეს სომხეთს თუ არა. თუ მოისურვებს, მარტივად გადავწყვეტთ, თუ არ მოისურვებს – ძალით გადავწყვეტთ. ისე, როგორც ომამდე ვამბობდი, რომ საკუთარი კეთილი ნებით უნდა დაეტოვებინათ ჩვენი მიწები ან ძალით გავყრიდით. ასეც მოხდა. ზანგეზურის ბედიც ასე გადაწყდება". – თქვა ილჰამ ალიევმა.

კომენტარები