აზერბაიჯანი-სომხეთი

ალიევი: ზანგეზურის კორიდორს შევქმნით, თუ სომხეთს არ სურს, ძალით შევასრულებთ

თურქულენოვანი ქვეყნების საბჭოს VII სამიტზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ზანგეზურის კორიდორის გეგმაზე ისაუბრა და სომხეთს ძალის გამოყენებით დაემუქრა. 

"ზანგეზურის კორიდორის შექმნა ჩვენს ეროვნულ, ისტორიულ და სამომავლო ინტერესებს სრულად პასუხობს. ჩვენ შევქმნით ზანგეზურის კორიდორს, სურს ეს სომხეთს თუ არა. თუ მოისურვებს, მარტივად გადავწყვეტთ, თუ არ მოისურვებს — ძალით გადავწყვეტთ. ისე, როგორც ომამდე ვამბობდი, რომ საკუთარი კეთილი ნებით უნდა დაეტოვებინათ ჩვენი მიწები ან ძალით გავყრიდით. ასეც მოხდა. ზანგეზურის ბედიც ასე გადაწყდება.

ჩვენი მთავარი დამაბრკოლებელი რჩება დრო, რადგან რკინიგზისა და საავტომობილო გზის გაყვანას დრო სჭირდება. ამიტომაც, ამ პროექტის რეალიზაციისთვის მთელი ძალები მობილიზებულია. ამ გზით, აზერბაიჯანელი ხალხი დაბრუნდება ზანგეზურში, რომელიც ჩვენ 101 წლის წინ წაგვართვეს". – თქვა ილჰამ ალიევმა.

ზანგეზურის კორიდორი, რომელიც ომამდე ჩაკეტილი იყო, აკავშირებს აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასა და მისგან მოწყვეტილ ნახიჩევანის რეგიონს. მთიანი ყარაბაღის 2020 წლის კონფლიქტის შემდეგ გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამ კორიდორის გახსნას ითვალისწინებს. ზანგეზურის კორიდორი მდებარეობს უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე. 

ილჰამ ალიევის სიტყვებს სომხეთის მხრიდან უარყოფითი შეფასება მოჰყვა.

 

კომენტარები