აზერბაიჯანი-სომხეთი

აზერბაიჯანმა და თურქეთმა შუშის ხელშეკრულება დადეს, რაც ზანგეზურის კორიდორის გახსნას მოიცავს

15 ივნისს თურქეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს შუშის დეკლარაციას, რომელიც ეხება სამხედრო თანამშრომლობას და ახალი სატრანსპორტო გზების შექმნას. ხელმოწერის ცერემონია ისტორიულ ქალაქ შუშაში გაიმართა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ამ შეთანხმებას "ისტორიული მიღწევა" უწოდა. 

ხელშეკრულება ორ მნიშვნელოვან საკითხს აერთიანებს : თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და სამხედრო დახმარებას და მეორე, ტრანსპორტსა და კომუნიკაციას. რაც მთავარია, ის ასევე ითვალისწინებს ზანგეზურის კორიდორის გახსნას, რომელიც მდებარეობს უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე.  

"დეკლარაციაში ასახულია ზანგეზურის კორიდორის გახსნასთან დაკავშირებული საკითხები. ეს არის იმ ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობის შედეგი, რაც მთიანი ყარაბაღის მეორე ომმა შექმნა. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ზანგეზურის კორიდორზე, რომელიც თურქეთსა და აზერბაიჯანს დააკავშირებს, არამედ პრაქტიკულ სამუშაოებსაც ვატარებთ მის შესაქმნელად. ეს საკითხი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მოცემულ დეკლარაციაში". - თქვა ილჰამ ალიევმა ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე გამოეხმაურა აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერების ქალაქ შუშში შეხვედრას და დაგმო მოცემული შეთანხმება:

"ჩვენ ძლიერ ვგმობთ 15 ივნისს ეზარბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების საერთო შეხვედრას სომხეთის კულტურულ და ისტორიულ ცენტრში - შუშში, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანის ოკუპაციის ქვეშაა, რაც პირდაპირი პროვოკაციაა რეგიონალური სტაბილურობისა და მშვიდობის წინააღმდეგ". - ვკითხულობთ სომხეთის საგარეო სამინისროს განცხადებაში

ზანგეზურის კორიდორი, რომელიც ომამდე ჩაკეტილი იყო, აკავშირებს აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასა და მისგან მოწყვეტილ ნახიჩევნის რეგიონს. მთიანი ყარაბაღის 2020 წლის კონფლიქტის შემდეგ გაფორმებული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამ კორიდორის გახსნას ითვალისწინებს.

კომენტარები