ავღანეთი

თალიბანმა ქაბულთან მდებარე მთავარი ქალაქი დაიკავა, აშშ-ს 3 000 სამხედრო ქაბულში კვირას ჩავა

Allauddin Khan/AP

ჰერათისა და კანდაარის დაცემის შემდეგ თალიბანმა დაიკავა ქაბულის მოსაზღვრე პროვინციის, ლოგარის მთავარი ქალაქი პულ-ე-ალამი, რომელიც დედაქალაქიდან 70 კილომეტრში მდებარეობს და ერთგვარ კარიბჭეს წარმოადგენს ქაბულამდე მისაღწევად.

ქალაქის დაკავების შემდეგ პრეზიდენტმა, აშრაფ განიმ ადგილობრივ ლიდერებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან საგანგებო მოლაპარაკება გამართა. მედიასთან საუბრისას განის არაფრით მიუნიშნებია, აპირებს თუ არა თალიბანის მოთხოვნის შესრულებას მის გადადგომასთან დაკავშირებით.

პენტაგონის თქმით, ერთი ქვეითი და ერთი საზღვაო ბატალიონი ქაბულში კვირას საღამოსთვის ჩავა, რაც ჯამში 3 000 სამხედროს მოიცავს.

მეორე მხრივ, აშშ ცდილობს, თალიბანისგან გარანტია მიიღოს, რომ ქაბულისთვის ბრძოლაში აშშ-ს საელჩოს თავს არ დაესხმება, იმ შემთხვევაში, თუ ექსტრემისტები ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებენ და მომავალში ოდესმე აშშ-სგან დახმარების მიღების სურვილი ექნებათ. 

თალიბანის ქმედებებმა ქაბულში მდებარე სხვა საელჩოებიც საგანგებო რეჟიმში გადაიყვანა. ამერიკელი დიპლომატები ცდილობენ იმის განსაზღვრას, რამდენ ხანში შეძლებენ საელჩოს სრულ ევაკუაციას.

ცოტა ხნის წინ თალიბანმა ორ დღეში ორი პროვინციის დედაქალაქი აიღო. 6 აგვისტოს თალიბანმა დაიკავა ნიმროზის პროვინციის დედაქალაქი, ზარანჯი, 7 აგვისტოს კი ჯუზჯანის პროვინციის დედაქალაქი – შებერღანი. 

6 აგვისტოს თალიბანმა ავღანეთის მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დავა ხან მენაპალის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აიღო. ბოლო რამდენიმე თვეა, რაც თალიბანის სამიზნეები ხდებიან მთავრობის წარმომადგენლები, მედიის წარმომადგენლები, აშშ-ს სამხედროების ავღანელი თარჯიმნები, ავღანელი პილოტები და კომიკოსებიც კი. 

6 აგვისტოს თალიბანმა ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე მთავარი გამშვები პუნქტი ჩაკეტა და გამოაცხადეს, რომ არავის გადაუშვებენ მეორე მხარეს მანამ, სანამ ისლამაბადი ავღანელებისთვის ვიზის ვალდებულებებს არ გააუქმებს ან შეამსუბუქებს.


მას შემდეგ რაც აშშ-ს სამხედრო ძალებმა ავღანეთის დატოვება დაიწყეს, ქვეყანაში გამწვავდა დაძაბულობა თალიბანსა და ავღანეთის სამთავრობო ძალებს შორის. 

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ. 

თალიბანი უფრო და უფრო იმყარებს გავლენას და იკავებს რაიონებს. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა აშშ-ს დაზვერვის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქაბულის მთავრობა აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ, შესაძლოა, 6-12 თვეში დაეცეს.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადიდან ბევრად უფრო ადრე სრულდება. 

პარალელურად, მშვიდობიანი მოსახლეობა იარაღდება, უერთდება ავღანეთის სამთავრობო ძალებს და თალიბანთან ბრძოლისთვის ემზადება, თუკი ეს საჭირო გახდება.

კომენტარები